მამნიაშვილი მიხეილი

პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


გამოძიების ორგანიზაციისა და გამომძიებლის სტატუსის სრულყოფისათვის

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია გამოძიების ორგანიზაცია და გამომძიებლის სტატუსი, დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ გამომძიებლის უფლებამოსილება, რასაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, სრულად ვერ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს და მოითხოვს როგორც ორგანიზაციული კუთხით რადიკალურ ცვლილებას, ასევე გამომძიებლის სტატუსის ახლებურად დარეგულირებასაც. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გამომძიებელს არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება არა აქვს და ის მთლიანად პროკურორზეა დამოკიდებული, ამიტომაც აუცილებელია გამომძიებელს მიენიჭოს გამოძიების სტადიაზე ცალკეული სახის გადაწყვეტილებების მიღების უფლება. დასმულია საკითხი, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის “რ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობაშია გამოძიება, მაშინ როდესაც გამოძიების უფლებით ბრალდებულიც სარგებლობს.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაში გამოყენებულია ანალიტიკური, ისტორიული და შედარებითი სამართლებრივი მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: სტატიას აქვს სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური მნიშვნელობა.

დასკვნა: გამომძიებლის უფლებამოსილების გარკვეული დოზით შეცვლით, ინკვიზიციური ელემენტების რაც შეიძლება მეტი შეკვეცით შეიძლება გამომძიებელი გადაიქცეს ნეიტრალურ, მიუკერძოებელ სუბიექტად სისხლის სამართალწარმოების პროცესში, რომელსაც დაევალება საქმის ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიება, ერთნაირი გულმოდგინებით შეკრებს როგორც გამამტყუნებელ, ასევე გამამართლებელ მტკიცებულებებს. დასმულია საკითხი გამოძიების ცენტრალიზაციის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, საგამოძიებო მოქმედება, ოპერატიული სამსახური, ოპერატიული მუშაკი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მტკიცებულებათა მოპოვება

სტატია