ჭიოტაშვილი დავითი

პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი, საქართველო

ჟოჟუაშვილი ნათია

ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი, საქართველო


საინვესტიციო პორფელის ანალიზი და პრობლემები საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიაში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველო უძველესი და უდიდესი ისტორიის, კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. საქართველოში მრავალი ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა, რაც ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ. ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნქციონირება ყოვლად წარმოუდგენელია ინვესტიციების გარეშე. ინვესტიციები უზრუნველყოფენ კვლავწარმოების უწყვეტობას და მონაწილეობენ სახელმწიფოს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების საქმეში. საქართველოს განვითარების თანამედროვე მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო ჯერ კიდევ შედარებით ნაკლებად მიმზიდველია, როგორც გარეშე ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის და ინვესტიციების მოცულობა შეადებით მცირეა საინვესტიციო პოტენციალთან შედარებით. ეკონომიკის ყველა სფეროში და მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიაში საჭიროა პრობლემების კომპლექსურად შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზების ძიება. აღნიშნული კვლევის მიზანია დაადგინოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში, გამოავლინოს არსებული პრობლემები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ეკონომიკური წინსვლისთვის ქვეყანაში.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოყენებულია: ისტორიული, შედარებითი, აღწერილობითი და შეფასებითი მეთოდები. აგრეთვე შეგროვილ მონაცემთა სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წლისთვის შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, ხოლო მიუხედვად არსებული პრობლემებისა ინვესტიციების მოცულობა სასტუმრო ინდუსტრიაში მაინც იზრდება სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების საქმიანობასთან ერთად. მიუხედავად ამისა დღეისათვის არსებობს პრობლემები საინვესტიციო პოლიტიკაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასტუმრო ინდუსტრიის საინვესტიციო პოლიტიკასთან.

დასკვნა: კვლევის მთავარი შედეგია საინვესტიციო საქმიანობაში არსებული პრობლემების გაშუქება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების გამოტანა საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის. აგრეთვე სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების საქმიანობის მნიშვნელობისა და როლის დადგენა საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიცია, ტურიზმი, სასტუმრო, საქართველო, პრობლემა, ანალიზი

სტატია