შონია ნანა

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

გუგეშაშვილი თინათინი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ხურციძე ნინო

მაგისტრანტი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ფინანსური განათლების დონე საქართველოს რეალობაში და მისი ამაღლების გზები

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საზოგადოების განვითარება პირდაპირ კავშირშია ცოდნის გავრცელებასთან და ამ ცოდნის პრაქტიკაში სწორად დანერგვასთან. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება, რომელიც არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბებით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და აუცილებელი ხდება ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის. ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა განისაზღვრება თითოეული ჩვენგანის მზადყოფნით მართოს პირადი ფინანსები სწორად. საქართველოს მოსახლეობას დღეს, ისე როგორც არასდროს, ჭირდება ფინანსური განათლების შესახებ ცოდნა, კერძოდ – როგორ მართოს და დაგეგმოს საკუთარი ფინანსები, შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა სადაზღვევო პროდუქტებზე, ანაბრებზე, ფინანსურ სერვისებზე, საკრედიტო ბაზარზე, რეფინანსირების სესხებზე, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე და ა.შ. რადგანაც ფინანსური გადაწყვეტილების მიღება ხდება ყოველდღიურად და კორელაციურად ეს გადაწყვეტილებები ზეგავლენას ახდენენ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე და შესაბამისად ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე. აღმოჩნდა, რომ ფინანსური განათლების დონით საქართველო 144 ქვეყანას შორის 96-ე ადგილზეა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფინანსური განათლების დონე და მისი გავლენა ქართული საზოგადოების ფინანსურ მდგრადობაზე.

კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებულია სინთეზისა და ანალიზის მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: ნაშრომზე მუშაობისას, მკაფიოდ გამოიკვეთა ის პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება. ადამიანებს არ გააჩნიათ ფინანსური განათლების საკმარისი დონე რაზეც პირდაპირ მეტყველებს ის, რომ მომხმარებელთა ნდობა საფინანსო დაწესებულებების მიმართ არც თუ ისე მაღალია, იზრდება პრობლემური სესხების მოცულობა, მცირდება ფიზიკური პირების დანაზოგების მოცულობა და ა.შ. ამ ფაქტის უკუგდება მკაფიოდ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, შემუშავებულ იქნა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, სადაც საკმაოდ არის ბუნდვანი ადგილები და ნაკლებად კონკრეტიზებულია მეთოდები და გზები, რომლებიც გამოდგება პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა, 2016 წელს ჩამოყალიბებული სტრატეგია წარმოადგენს იმის გარანტს თუ არა იმედს მაინც, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსური განათლების დონე საგრძნობლად აიწევს საქართველოში.

დასკვნა: ფინანსური საკითხების ცოდნა ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს. მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისითაც. აღნიშნულიდან გამოდინარე, ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საგანამანათლებლო სივრცის კოორდინირებული საქმიანობა, განსაკუთრებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიურობა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური განათლება, ფინანსების მართვა, პერსონალური ფინანსები, სადაზღვევო პროდუქტები, ანაბარი, ფინანსური მომსახურება, საკრედიტო ბაზარი, რეფინანსირების სესხი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

სტატია