თურმანიძე გუგული

მმართველი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახური, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, ბათუმი, საქართველო

მესხიშვილი ლევანი

მაგისტრანტი, ბიზნესისა და მართვის სკოლა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, ბათუმი, საქართველო


ადამიანური რესურსების განვითარება აჭარის რეგიონის მაგალითზე

(ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები)


შესავალი და მიზანი: ისევე როგორც, საქართველოში, აჭარაში ადამიანური რესურსების განვითარება არც თუ ისე ჩამოყალიბებულ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების პირობებში მიმდინარეობს. კადრების განვითარებისთვის ინოვაციური მიდგომა და რესურსებია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიების არსებობა, ადამიანური რესურსების განვითარების კონკრეტული ღონისძიებების ჩამოყალიბება და საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარების მინდინარე პროცესების ანალიზი. კადრების განვითარებისთვის საჭირო ასპექტების კვლევა, მიდგომებისა და მექანიზმების ამოქმედება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მენეჯერების მიერ განხორციელებული საქმიანობის სოლიდური ნაწილი, როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფის მართვა, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება, ცვლილებების დაგეგმვა და მართვა, შექმნილ პრობლემებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, საჯარო სექტორში გარდაქმნებისა და ცვლილებების წარმატებული განხორციელების ძირითად გარანტად რჩება. ადამიანური რესურსების განვითარება საზოგადოებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ადამიანური რესურსების განვითარებისთვის საჭირო ეფექტური სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭიროა არსებული სისტემის მახასიათებლების დადგენა და იმ ხარვეზების იდენტიფიკაცია, რომლებიც დაუყოვნებლივ აღმოფხვრას საჭიროებს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური რესურსების განვითარება კომპლექსური საკითხია. აჭარის რეგიონი მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის. ამ პრობლემის დიდი წილი ადამიანური რესურსების განვითარების არასრულყოფილი მართვიდან მომდინარეობს. ყოველივე ეს სათანადო შესწავლას და შემდეგ, სწორი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. განვითარებული ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებს, რომ ადამიანური რესურსების განვითარება მენეჯმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის პროცესშიც მნიშვნელოვანია მენეჯერის როლი, განვითარების შიდა სისტემების არსებობა, ფულადი რესურსების გამოყოფა და ეფექტიანი გამოყენება. საჯარო სამსახურის ღირებულების შექმნაში ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის, როგორც არამატერიალური აქტივების როლი სწრაფად იზრდება, რაც დღეისათვის ღირებულების შექმნის გადამწყვეტი ფაქტორია. ღირებულებას მეტწილად განსაზღვრავს ინტელექტუალური, ადამიანური და სტრუქტურული კაპიტალი. ბევრი თანხმდება იმაზე, რომ თანამედროვე საჯარო სფერო არ არის მხოლოდ სპეციალიზებული განყოფილებების ერთობლიობა. მისი საქმიანობა, ამავდროულად, პროცესების რეალიზებას ემსახურება. ადამიანები გარკვეულ საზღვრებში უნდა დარჩნენ, რადგან ეს არის მათი პასუხისმგებლობის სივრცე. ისინი მხოლოდ თავისი განყოფილების ჩარჩოში უნდა მოქმედებდნენ, მხოლოდ გარკვეულ ამოცანებს ასრულებდნენ. სხვადასხვა პრობლემური შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებების განხორციელება და დღეს, ადამიანურ რესურსებზე ზრუნვა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი წარმატების გარანტი. როდესაც თანამშრომლები საქმიანობას მუდმივად ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოში წარმართავენ, ხოლო მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე - ეკონომიკური კრიზისი, მისი რისკები და საფრთხეები სახეზეა, ამ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია აჭარის რეგიონის ეკონომიკის მდგრადი განვითარების შენარჩუნება.

აჭარაში ადამიანური რესურსების განვითარებისთვის ზრუნვა და ამ მხრივ საჭირო რესურსების გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა მენეჯმენტის სწორად, გააზრებულად გატარება - დანერგვა, აგრეთვე, ადამიანური რესურსების განვითარებისთვის მართვის პროცესში თუნდაც მცირე ცვლილებების შეტანა და მეტი დაფიქრება. ცვლილებას, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, თუ ის სწორად არის გაკეთებული, დიდი და თანმიმდევრული გარდაქმნის გამოწვევა შეუძლია.

დღეს, წარმატებული სტრუქტურები, როგორც დასავლეთში, ასევე პოსტ - საბჭოურ სივრცესა და აჭარის რეგიონშიც ზრუნავენ არა მხოლოდ პერსონალის შერჩევა - განვითარებაზე და ეფექტიან მართვაზე, არამედ ახალი, ინოვაციური რესურსების მოძიებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებზე საინტერესო კვლევების მოძიება შესაძლებელია, აჭარის რეგიონში მათ განვითარებაზე, პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევა ნაკლებად ხდება. საკითხი, აჭარის რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ, ჩვენში ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ არის შესწავლილი, რამაც სამაგისტრო თემის არჩევანი და მიმართულება განაპირობა.

კვლევის მიზნები: კვლევის ძირითადი მიზანია ადამიანური რესურსების განვითარების საბაზო სისტემების გამოვლენა და წარმოდგენა, რაც ხაზს უსვამს როგორც ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროებას, ისე ინოვაციური რესურსების პოტენციალს აჭარაში კადრების განვითარების ხელშეწყობისთვის.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე დაისახა შემდეგი ამოცანები:

• ადამიანური რესურსების განვითარების თეორიული კვლევისა და პრაქტიკაში აპრობირებული მიდგომების შესწავლა აჭარის რეგიონის მაგალითზე;

• სხვა ქვეყნებში დაგროვილი წარმატებული გამოცდილების მოძიება და აჭარის რეგიონისთვის ადაპტაცია;

• რეგიონში პერსონალის მოტივაციის სისტემის შეფასება;

კვლევის ჰიპოთეზები: ჩვენი ვარაუდით, აჭარის რეგიონში არასაკმარის ყურადღებას აქცევენ ადამიანური რესურსების განვითარებას, თანამედროვე მოდელების შემუშავებასა და დანერგვას. კადრების განვითარებაზე ზრუნვას სპონტანური ხასიათი აქვს და არ ეფუძნება ადამიანური რესურსების საქმიანობის შედეგების შეფასებას. ასევე, ჩვენი ვარაუდით, აჭარის რეგიონში არსებულ დაწესებულებებში კადრების განვითარებაზე ზრუნვა უმეტესად სამსახურში მიღების შემდეგ ხდება და ხშირ შემთხვევაში ის ტრენინგის საჭიროებიდან არ გამომდინარეობს.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მეთოდოლოგია ემყარება რაოდენობრივი კვლევის მეთოდს (თვისებრივი და სტატისტიკური ანალიზი); საჯარო სამსახურებში ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი პრინციპების და მიდგომების, ასევე კადრების განვითარების უცხოური გამოცდილების განხილვას; სტატიების, ინტერნეტ გამოცემებისა და ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მასალების დამუშავებას, ელექტრონული გამოკითხვის სისტემა "SurveyMonkey"-ის მეშვეობით განხორციელებული სტატისტიკურ ანგარიშს.

შედეგები და გამოყენება: აჭარის რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარებას არასათანდო ყურადღებას აქცევენ, უმეტეს შემთხვევაში, გამართლდა, ვინაიდან საჯარო სამსახურში დავალებების შესასრულებლად საჭიროა უფრო მეტი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული განვითარება, ვიდრე ეს აქამდე მოითხოვებოდა. აჭარის რეგიონის საჯარო დაწესებულებებში კადრების სამსახური უმეტესად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ მომუშავე პერსონალისთვისაც. კვლევებმა გამოავლინა ისეთი ხელშემშლელი მიზეზების არსებობა, როგორიცაა ნათესაური კავშირების გამოყენება, არაკანონიერი პროტექციონიზმისა და მიკერძოების შემთხვევები. აჭარის რეგიონში არსებულ ზოგიერთ საჯარო დაწესებულებას არ გააჩნია ბიუჯეტი პერსონალის გადამზადებისა და განვითარების გეგმების დასაფინანსებლად, რაც ამავე დროს ადასტურებს ეჭვს იმაზე, რომ შესაძლოა მათ არასათანადოდ ჰქონდეთ პერსონალის მომზადებისა და განვითარების გეგმა შემუშავებული.

დასკვნა: ადამიანური რესურსების განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ აჭარის რეგიონის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც. უპირველეს ყოვლისა, ის მოიცავს თითოეული დასაქმებული პირის შესაბამისი თანამდებობისთვის საჭირო ცოდნას და კვალიფიკაციის ზრდას, როგორც სამსახურის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც მწარმოებლურობის გაზრდას და საგარეო მასშტაბებით წარმატების მიღწევას.

ისევე, როგორც ხელმძღვანელები, თანამშრომლებიც ვალდებულნი არიან იყვნენ ინიციატორები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ძვრების რეალიზაციის საქმეში, მათ უნდა ახასიათებდეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში კომპეტენტურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ადამიანური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ყველა ორგანიზაციაში, საჭიროა მის განვითარებაზე ზრუნვა, სპეციალური, წინასწარ განსაზღვრული მართვის მოდელების შემუშავება და განვითარებისთვის აუცილებელი მეთოდების სისტემური დანერგვა. კადრების სპეციალისტმა დასაქმებულ პერსონალს მუდმივად უნდა გაუწიოს დახმარება პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.

ვხედავთ, რომ აჭარის რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სისტემა არასრულყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებში გარკვეულწილად მიმდინარეობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა, თანამშრომელთა განვითარების პროგრამებში ჩართულობა და პერსონალის პოტენციალის მუდმივი პროგრესირება სათანადოდ მაინც არ ხდება. არ არის შემუშავებული მართვის და შესაბამისად თანამშრომლების შეფასების სისტემები. ამ პრობლემების უფრო სიღრმისეულად შესასწავლად აუცილებელია უფრო დიდი კვლევების ჩატარება.

საკვანძო სიტყვები: ადამიანური რესურსები, ადამიანური რესურსების განვითარება, პერსონალი, კადრები, საჯარო სექტორი, პროფესიული განვითარება.

სტატია