ვირსალაძე ნაირა

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

კუხიანიძე ნონა

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


დემოკრატია და ძლიერი სტატისტიკური სამსახური

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: სტატისტიკა, როგორც მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების შემსწავლელი მეცნიერება, მოწოდებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მართვისათვის მეცნიერულად დასაბუთებული, უტყუარი ინფორმაციით უზრუნველყოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამეურნეო ინსტიტუტები და ფართო საზოგადოება. ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკას დღემდე სათანადოდ ვერ აფასებენ. იგი არ სარგებლობს სათანადო პოპულარობითა და პრესტიჟით. ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ სუსტია სტატისტიკის როლი, მნიშვნელობა და შესაძლებლობები სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. მაშინ როდესაც, მისი პრინციპებიდან გამომდინარე, სტატისტიკა უნდა იყოს დამოუკიდებელი ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში, მან უნდა დაახასიათოს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მოწოდებულია იყოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოპონენტი, მონიტორინგი გაუწიოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეაფასოს მის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობა.

სტატიაში საუბარია სტატისტიკის როლსა და ამოცანებზე, და იმ ძირითად პრინციპებზე რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოფიციალური სტატისტიკის წარმოების და გავრცელების პროვესში.

კვლევის მეთოდოლოგია: ვინაიდან სტატისტიკა საზოგადოებაში მომდინარე მოვლენებსა და პროცესებს განიხილავს არა უძრაობაში, არამედ მუდმივ ცვალებადობასა და განვითარებაში, კონკრეტულ დროსა და სივრცეში, სტატიაში გამოყენებულია დიალექტიკური, სტატისტიკური დაკვირვების, ეკონომიკურ-სტატისტიკური ანალიზის და სხვ. მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: საქართველოში ჩვენის აზრით ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ნაკლებ სანდო, შელამაზებული, ტენდენციური და მიკერძოებულია. სტატისტიკის სამსახური ჯერაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენის ქვეშაა, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.

დასკვნა: ამრიგად, თუ საქართველოში სტატისტიკის კანონის მიხედვით მიღებული ფუნდამენტური პრინციპები მარტო ფურცელზე არ დარჩება და უმნიშვნელოვანეს სახელმძღვანელო პრინციპად იქცევა საქსტატის მუშაობის პრაქტიკაში, ამით სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეძლებს ნდობის მანდატის მოიპოვებას საზოგადოებაში.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სტატისტიკისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების შეცვლა და მისადმი ფინანსური მხარდაჭერა. ძლიერი სტატისტიკური სამსახურის მქონე ქვეყანა შეიძლება იყოს დემოკრატიულიც და ავტორიტეტულიც. მაგრამ ქვეყანა ვერ იქნება დემოკრატიული თუ მას ძლიერი სტატისტიკური სამსახური არ გააჩნია.

საკვანძო სიტყვები: ოფიციალური სტატისტიკა, სტატისტიკის პრინციპები, სტატისტიკის როლი, კანონი სტატისტიკის შესახებ, დემოკრატიულ სახელმწიფოს სტატისტიკა

სტატია