შენგელია ირაკლი

ასოცირებული პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მიზეზობრივი კავშირის დადგენა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გაუფრთხილებლობით დანაშაულებში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში სადისკუსიო პრობლემათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის შესწავლაც დღითი დღე მეტ აქტუალობას იძენს თანამედროვე სამყაროში საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარებისა და სოციალურად საშიშ ქმედებათა ახალი ფორმების გამოვლინების ფონზე. საკითხი აქტუალურია მით უფრო იმ ფონზე, რომ შემუშავებულია მიზეზობრიობის არაერთი თეორია, მაგრამ თანამედროვე სისხლის სამართლის მეცნიერებასა და პრაქტიკაში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა მიზეზობრივი კავშირის დადგენის საკითხისადმი.

სხვადასხვა თეორიები თავიანთი ინდივიდუალური მიდგომით ცდილობენ ახსნან მიზეზობრიობის არსი სისხლის სამართალში და ჩამოაყალიბონ ერთგვარი წესები. მის დასადგენად. სისხლის სამართალში მიზეზობრიობის კვლევის მიზანია ეფექტურად გადაიჭრას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენადაც მიზეზობრივი კავშირის არარსებობა ქმედებასა და შედეგს შორის გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქმედების ობიექტური შემადგენლობის არასრულყოფილების მარტივი მიზეზით.

კვლევის მეთოდოლოგია: ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი; ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი; სპეციალურ-სამართლებრივი; შედარებით-სამართლებრივი.

შედეგები და გამოყენება: ჩვენს ნაშრომში ჩვენ ვეხებით საკითხს თუ როგორ ხდება პრაქტიკაში მიზეზობრივი კავშირის გადაწყვეტა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გაუფრთხილებლობით დანაშაულებში.

მკვლელობის საქმეებზე მიზეზობრივი კავშირის დადგენისას პრაქტიკა ხელმძღვანელობს მიზეზობრიობის ზოგადი თეორიებით და ამასთანავე ითვალისწინებს მკვლელობის ობიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს არაერთგვაროვან მიდგომას ზოგადად გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა ხასიათისა და კერძოდ კი ასეთ დანაშაულებში მიზეზობრივი კავშირის დადგენისადმი. გაუფრთხილებლობითი დანაშაულის თავისებურება, განსხვავებით განზრახი დანაშაულებისაგან, იმაში მდგომარეობს, რომ სუბიექტის ქმედება არ არის მიმართული დანაშაულებრივი შედეგის დადგომისაკენ.

დასკვნა: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის შედეგად შემუშავებული იქნება რეკომენდაციები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას და მიზეზობრივი კავშირის არსებობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის ეფექტურად გადაჭრას.

საკვანძო სიტყვები: მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულები სიცოცხისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, გაუფრთხილებლობითი დანაშაულები.

სტატია