ჯორბენაძე ზურაბი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

ლომინაშვილი შოთა

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


საგადასახადო რისკ-მენეჯმენტი საქართველოს სამეწარმეო-ეკონომიკურ სივრცეში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ნებისმიერ ცივილიზირებულ ქვეყნაში, მათ შორის საქართველოშიც, სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობა რისკის არეალში წარიმართება. ყველა ქვეყნის პოლიტეკონომიკურ სივრცეში სამეწარმეო საქმიანობა, მართალია, კანონმდებლობის ფარგლებში წარიმართება, მაგრამ ის განუსაზღვრელობის პირობით, ანუ რისკის კატეგორიის არსებობით და რეალიზაციით არის ნიშანდებული.

ეკონომიკურ სივრცეში არსებული რისკების სისტემაში ფილოსოფიური ტრიადის: ზოგადის, ერთეულის და კონკრეტულის კატეგორიების მიხედვით შესაძლოა გამოვყოთ ეკონომიკური, სამეწარმეო და საგადასახადო რისკები.

საგადასახადო რისკი მეწარმეს, ანუ გადასახადის გადამხდელსა და სახელმწიფოს, ანუ გადასახადის ამკრებს შორის არსებული, საგადასახადო ურთიერთობის სივრცეში ჩამოყალიბებული, ეკონომიკური კატეგორიაა. მასში გადასახადის გადახდასთან, ე.ი. საქმიანობის საზოგადოებრივ საფასურთან დაკავშირებული ურთიერთობები, ანუ საგადასახადო ურთიერთობებია ასახული. ისინი მართალია დღეს საქართველოში მეტწილად გამჭირვალე და სისტემატიზირებულია, მაგრამ საგადასახადო საფრთხე მეწარმეს ყოველთვის თან სდევს. შესაბამისად, მეწარმისათვის ერთ-ერთ ძირითად საკითხს საგადასახადო რისკი პრევენცია წარმოადგენს. პრევენცია კი საგადასახადო რისკ-მენეჯმენტის გზით არის შესაძლებელი.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა დიალექტიკური; შედარებითი ანალიზისა და სინთეზის; თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: ზოგადად საგადასახადო რისკ-მენეჯმენტის განხორციელება საკმაოდ რთული პროცედურების მთელი კომპლექსია. აღნიშნული მწვავედ დგას საქართველოს სინამდვილეში, სადაც მეწარმეთა საგადასახადო კულტურა, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებთან მიმართებაში არც თუ ისე ადექვატურია. ამ შეუსაბამობას სახელმწიფო ხშირად "ხმამაღალი" გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ართულებს. საგადასახადო კანონმდებლობაში პერიოდულად შეაქვს სერიოზული ცვლილებები, ზოგჯერ მეტისმეტად სწრაფად ცვლის წესებს და ნორმატივებს. არ ახდენს საგადასახადო კოდექსის "ბუნდოვანი" ფორმულირებების ნიველირებას, რაც საბოლოო ჯამში საგადასახადო რისკების მენეჯმენტის, ისედაც რთულ, პროცესს კიდევ უფრო მეტი პრობლემურობის ნიშნით "ჟღენთავს".

დასკვნა: აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში,დახვეწილი და დროის მოთხოვნასთან შესაბამისი საგადასახადო რისკ-მენეჯმენტი მაღალი თეორიული და პრაქტიკული დაინტერსების საკითხია, მისი კვლევა კი, როგორც თეორიისათვის, ისე სამეწარმეო პრაქტიკისათვის მეტად აქტუალურია.

საკვანძო სიტყვები: რისკი, გადასახადი, ეკონომიკური რისკი, სამეწარმეო რისკი, საგადასახადო რისკი, რისკ-მენეჯმენტი, საგადასახადო რისკ-მენეჯმენტი

სტატია