ქათამაძე გიორგი

დოქტორანტი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


სესხების გალარების სახელმწიფო პროგრამის პირობები და მისი შედეგების ფინანსურ ეკონომიკური ანალიზი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: უცხოურ ვალუტაში სესხისა და სესხთან დაკავშირებული გადახდისა და გადახდისუნარიანობის საკითხები ვალუტის კურსის ცვალებადობის პარალელურად უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება თანამედროვე მსოფლიოში. ბოლო წლებში ვალუტის კურსის ცვალებადობა განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ისეთი მგრძნობიარე ქვეყნების ეკონომიკაზე როგორიც საქართველოა და განსაკუთრებული გავლენა ამ ცვლილებებს ჰქონდა ფიზიკურ პირებსა და მცირე მეწარმეებზე.

ისევე როგორც დანარჩენ ქვეყნებში საქართველოში არსებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების დიდი რაოდენობა აქტიურად სარგებლობს სხვადასხვა ბანკების საკრედიტო პროდუქტებით, შესაბამისად ეს პროდუქტები განსხვავდება როგორც თანხის მოცულობით ასევე მისი გადახდის პირობებითა და ვალუტის ერთეულით. სესხის აღების მომენტში მსესხებელი არჩევს მისთვის სასურველ ყოველთვიურ თუ ინდივიდუალურ შენატანს შემოსავლების გათვალისწინებით, მაგრამ სესხის აღების შემდგომ ვალუტის კურსის ცვალებადობა პირდაპირპროპორციულად აისახება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების გადახდიუნარიანობაზე რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო უცხოური ვალუტების მიმართ და დღითი დღე მატულობდა მოსახლეობის უკმაყოფილება ინფლაციური პროცესების გამო, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში დადგა აღნიშნული საკითხის განხილვა. სახელმწიფოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იქნებოდა ვალუტის ცვალებადობის შედეგად გამოწვეული კრიზისის ნაწილობრივ დაძლევისაკენ.

გრძელვადიანი პროცესების შედეგად, 2017 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება:„საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველკოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, სწორედ ამ პროგრამისა და მასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზს ეხება წინამდებარე ნაშრომი.

ნაშრომის მიზანია:

• იმ სესხების კატეგორიის გარკვევა, რომელთაც არ შეიძლებოდა შეხებოდა ეს პროგრამა მთავრობის დადგენილებაში ზოგადი, დაუზუსტებელი პუნქტების გამო;

• გალარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგების ანალიზი;

• გავაანალიზოთ საქართველოს მთავრობის დადგენილება სესხების გალარების შესახებ;

• გალარებული სესხების სისტემატიზაცია მათი კატეგორიებისა და საპროცენტო განაკვეთის მიხედვით;

• ბანკების მიერ მსესხებლებზე შეთავაზებული პირობების ანალიზი;

• სრულ გასალარებელ სასესხო პორტფელთან გალარებული სესხების მოცულობის თანაფარდობის გამოანგარიშება;

• შენიშვნებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ დაეხმარება მთავრობას მსგავსი პროგრამის უფრო წარმატებულად განხორციელებაში.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის პროცესში გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი ასევე თვისობრივი მეთოდი. კერძოდ, იმისათვის რომ გაგვერკვია ძირითადი ტენდენციები, გამოყენებულ იქნა კვლევის რაოდენობრივი მეთოდი, წინასწარ მომზადებული კითხვარით მოხდა ბანკის წარმომადგენელთა სატელეფონო ანკეტირება.

მასალების მოპოვების დროს ყურადრება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე:

- სესხის გალარებისათვის საჭირო დოკუმენტაცია პორტირების შემთხვევაში;

- სესხის საპროცენტო განაკვეთი;

- ლარში სესხის ვადა;

რაოდენობრივი მეთოდით მიღებულ ინფორმაციის შედარება და ანალიზი მოხდა ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციასთან.

შედეგები და გამოყენება: კვლევამ აჩვენა, რომ

• ეროვნულმა ბანკმა იმპერატიულად არ განსაზღვრა იმ წრის მოცულობა, რომელსაც უპირობოდ შეეძლო სესხის გალარება;

• არ არსებობს სტატისტიკა ბანკებში სესხების გალარების მსურველთა საერთო მიმართვიანობის მოცულობის, კერძოდ რამდენმა პირმა მიმართა ბანკს გალარებისათვის და რამდენს ეთქვა უარი;

• არ იყო დაკონკრეტებული მსესხებლისათვის ბანკის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობაში უარის თქმის საფუძველები;

• პროგრამას ჰქონდა ცუდი სარეკლამო-საინფორმაციო კამპანია, კერძოდ არ არსებობდა ტელევიზიებში საინფორმაციო-შემეცნებითი რეკლამა რომელიც მსესხებლებს მიაწოდებდა დაწვრილებით ინფორმაციას ამ პროგრამაზე, ან სულ მცირე მოუწოდებდა მაინც ბანკებში მისვლისა და დეტალური ინფორმაციის მიღებისაკენ;

• ბანკების უმეტესობა სესხის გალარების პროცესში მსესხებელს სთავაზობდა ლარის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ ცვალებად საპროცენტო განაკვეთს;

• ბანკები ვერ სთავაზობდა კლიენტებს ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს ლარში;

დასკვნა: ვფიქრობ, გალარების სახელმწიფო პროგრამის უფრო წარმატებულად წარმართვისათვის მთავრობის დადგენილებაში დაკონკრეტებული უნდა ყოფილიყო შემდეგი საკითხები:

1. განესაზღვრათ უნდა გალარებული სესხებისათვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რაც იქნებოდა საფუძველი ბანკებს კლიენტებისათვის შეეთავაზებინა წინასწარგანსაზღვრულ ფარგლებში დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში და არ ყოფილიყო დიდი სხვაობა სხვადასხვა ბანკების მიერ შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთში მაშინ, როცა ეს პროცენტი არის ლარის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული და ისედაც ზრდის შენატანის ცვალებადობის რისკს.

2. შენატანის ცვალებადობის/ზრდის რისკის შესამცირებალად გალარებული სესხებისათვის უნდა ყოფილიყო დადგენილი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ლარში, ვინაიდან თუ დოლარში არსებული ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი შენატანს ცვლიდა ვალუტის კურსის ცვალებადობის დროს, ლარის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის შენატანი ასევე შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის ცვალებადობის დროს.

3. განესაზღვრათ უნდა სესხის მაქსიმალური ვადა, ვინაიდან ბანკების ნაწილი ვერ სთავაზობდა კლიენტს მისაღებ ვადას სესხის ლარში კონვერტირების შემთხვევაში, მაშინ როცა აშშ დოლარში გაცემული მიმდინარე სესხები იყო 10 და მეტ წლიანი. აშშ დოლარში გრძელვადიანი სესხების კონვერტიორება ვერ ხდებოდა ლარში, რადგან ზოგ ბანკს ლარში სესხების მაქსიმალური ვადა ჰქონდა 10 წელზე ნაკლები.

4. განესაზღვრათ უნდა კონკრეტულად რა იგულისხმებოდა არასტანდარტულ სესხებში და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის მიზეზები რის გამოც ბანკს შეიძლება უარი ეთქვა სესხის გალარებაზე, ვინაიდან ბანკების მიეცათ თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება და უარის მიზეზად შესაძლოა დასახელებულიყო ასევე ვადაგადაცილება სესხზე, მაშინ როცა სწორედ პრობლემურ კლიენტებს უფრო სჭირდებოდა სახელმწიფო პროგრამით მხარდაჭერა.

ზემოაღნიშნული საკითხების დაკონკრეტება საშუალებას მიცემდა როგორც მსესხებელს ასევე ბანკს უფრო მოქნილი და მკაფიოდ გაწერილი პირობებით ესარგებლად, შესაბამისად პროგრამა იქნებოდა წარმატებული, ისარგებლებდა უფრო მეტი მსესხებელი და შესაბამისად იქნებოდა უფრო შედეგიანი მთავრობის მიზნის: „საქართველოს მოქალაქეთა საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის გაზრდისა და შემდგომში მათი განკარგვადი შემოსავლების სტაბილურობის უზრუნველყოფის“ მისაღწევად.

საკვანძო სიტყვები: სესხები, გალარება, ვალუტის კურსი, სახელმწიფო პროგრამა

სტატია