ბეშკენაძე ზვიადი

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


კონკურენტუნარიანობა და მისი ფაქტორები. ეროვნული კონკურენციის ამაღლების გზა

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თავისთავად მჭიდროდაა დაკავშირებული კონკურენტუნარიანობასთან მიკრო, მეზო და მაკროდონეზე. კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს სტაბილური, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევის საფუძველს, რაც თავის მხრივ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარია. ამდენად, კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ამოცანას წარმოადგენს. მისი მიღწევა კი, გლობალიზაციის, მჭიდროდ ინტეგრირებადი მსოფლიოს პირობებში, საკმაოდ რთული პრობლემაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი კვლევა, რომელიც დაკავშირებულია კონკურენტუნარიანობის საკითხებთან, საკმაოდ აქტუალურია.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის, როგორც მაკროეკონომიკური კატეგორიის არსის განსაზღვრა, კონკურენტუნარიანობის ძირითადი მდგენელებისა და მათზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზება, მისი ამაღლების უზრუნველსაყოფად მექანიზმების შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოყენებულ იქნა აბსტრაქციის; პოზიტიური და ნორმატიული ანალიზისა და სინთეზის; ინდუქციისა და დედუქციის; შედარების; დინამიური ანალიზის მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: „კონკურენტუნარიანობის“ ცნების ანალიზიდან გამომდინარე მთავარი დასკვნები მდგომარეობს შემდეგში: ის წარმოადგენს დინამიურ კატეგორიას; კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება მიკრო, მეზო და მაკროდონეზე; კონკურენტუნარიან ეკონომიკაში უზრუნველყოფილია - მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, სოციალური კეთილდღეობა და ის მიდრეკილია ინოვაციებისადმი.

კონკურენტუნარიანობის დონეებს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი. განვითარებად ეკონომიკაში, სადაც კონკურენტუნარიანობა მის ყველა იერარქიულ საფეხურზე სუსტია, მეზო დონე წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის მთავარ რგოლს. თუ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანობის ზრდა ამ საფეხურზე მან შეიძლება კუმულაციური ეფქტი მოგვცეს კონკურენტუნარიანობის დანარჩენ დონეებზე ზრდის მიმართულებით. მაკროდონე წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის „შემაჯამებელ“ დონეს, რომელზეც განისაზღვრება მთლიანად ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი პირობები.

დასკვნა: რამდენადაც ტრანსფორმირებად ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობის ყველა დონის საფუძველსა და მის სხვა საფეხურებთან დამაკავშირებელ ძირითად რგოლს მეზოდონე წარმოადგენს, სახელმწიფომ მთავარ „სამიზნედ“ საწარმოო დონე უნდა აიღოს. თუ უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტუნარიანობის ზრდა ამ საფეხურზე ეს განაპირობებს კონკურენტუნარიანობის „სინქრონულ“ ზრდას მისი ყველა მიმართულებით.

ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მიზანშეწონილია: კონკურენციის მხარდაჭერა, ბაზრის ოლიგოპოლიურ სეგმენტებზე (მათ შორის უპირველესად საბანკო-საკრედიტო სექტორში) ახალი (მათ შორის უცხოური) ეკონომიკური აგენტების დაშვებაზე ხელშეწყობა და ამით ბაზრის ეფექტურობის ამაღლება; საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება; ფინანსური ბაზრის განვითარებაზე ხელშეწყობა; რეალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტურობის ამაღლება; პროგრესული, პრიორიტეტულ სექტორების წახალისებაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნა და მისი კიდევ უფრო გამარტივება; საინოვაციო აქტიურობის წახალისება; პრიორიტეტული სექტორების ტექნოლოგიური და ინოვაციური პოტენციალის ამაღლება მათი თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებით უზრუნველყოფის, სახელმწიფო სალიზინგო მომსახურების შეთავაზების და ა.შ. გზით; შრომითი რესურსები კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული კონკურენტუნარიანობა, კონკურენტუნარიანობა მიკროდონეზე, კონკურენტუნარიანობა მეზოდონეზე, შეფარდებითი უპირატესობა; პრიორიტეტული დარგები; ეკონომიკური ზრდა

სტატია