მაღლაკელიძე დეზდემონა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ვაშაკიძე ნათელა

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ცვლილებები მოგების გადასახადის გაანგარიშებისა და აღრიცხვის წესში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: მოგების გადასადის რეფორმის, ახალი საკანონმდებლო სიახლის მიზანია ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ინვესტიციების სტიმულირება. მოგების გადასახადის რეფორმა გულისხმობს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას, რადგან დაბეგვრისაგან განთავისუფლდა მოგების ის ნაწილი, რომელიც რეინვესტირებულია საწარმოში. თუ მოგება განაწილდება დივიდენდების სახით, მაშინ მასზე არ იმოქმედებს აღნიშნული რეგულაცია და მოგებაც და განაწილებული დივიდენდები დაიბეგრება. რეფორმის შედეგად, გადასახადის განაკვეთები იგივე დარჩა, პრაქტიკულად არ შეიცვალა დაბეგვრის ობიექტიც, თუმცა გადავადდა მოგების პირველ ეტაპზე დაბეგვრის დრო - ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე დივიდენდის გაცემის მომენტამდე.

მოგების გადასახადი სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წილი ბიუჯეტში სხვა გადასახადებთან შედარებით ნაკლებია გავრცელებულია უმეტეს ქვეყნებში და მისი სწორად რეგულირება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სტიმული მივცეთ საწარმოებს მოახდინონ მოგების რეინვესტირება.

როგორც ცნობილია, ახალი საკანონმდებლო ცვლილება, მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და იცვლება საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის არსებული მოდელი, მისი გაანგარიშებისა და აღრიცხვის წესი.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოვიყენეთ ანალიზისა და დაკვირვების მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: სტატია ეხება განაწილებული მოგების გამოთვლას და აღიცხვის წესებს, კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის გამოთვლა არ მოითხოვს ცალკეული შემოსავლებისა და ხარჯების დეტალურ ანალიზს და საერთოდ არ არსებობს ისეთი ხარჯების კონტროლის საჭიროება, რომლებიც კომპანიიდან ფულის გადინებას არ უკავშირდება. ასეთ ხარჯებს მიეკუთვნება: ცვეთა და ამორტიზაცია, დარიცხული პროცენტები, გადაფასების ზარალი და სხვა.

დასკვნა: დასკვნის სახით გვინდა ვთქვათ, მოგების რეფორმა მოგების გადასახადის აბსოლუტურ გაუქმებას არ გულისხმობს, არამედ მხოლოდ რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას. ეს კი თავის მხრივ, გაართულებს საგადასახადო ადმინისტრირებას და შესაბამისად მის აღრიცხვას. შედეგად, ეს ცვლილებები გარკვეულ შესწავლასა და დახვეწას მოითხოვს. საბოლოოდ, საქართველომ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

საკვანძო სიტყვები: მოგების გადასახადი, რეფორმა, აღრიცხვა, განაწილებული მოგება, დივიდენდი

სტატია