შენგელია მამუკა

პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სასამართლო ორგანიზაციისა და პროცესის ისტორიიდან ქუთაისის გუბერნიაში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის იმპერიაში და მის შემადგენელ ქუთაისის გუბერნიაში გატარებული სასამართლო რეფორმა, კერძოდ, სასამართლო ორგანიზაციისა და პროცესის თავისებურებანი ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობიერებაზე და სამართალგანვითარებაზე ასახული თავისი უარყოფითი შედეგით. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მითითებულია, უცხო ენაზე დამკვიდრებული და „უნიჭო თარჯიმნებზე“ დაფუძნებული „უავტორიტეტო“ მართლმსაჯულების ნაკლოვანებები, მათ შორის, „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“-ს და მოსამართლეთა არჩევითობის პრინციპის ჩათვლით. სტატიაში მრავლად მოიპოვება ქართული ადათ-წესების და ზნე-ჩვეულებების უცოდინარი რუსი მოხელეების საქმიანობის შესახებ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა ქართველი მოღვაწეების კრიტიკული წერილები, რომლებშიც მოითხოვდნენ ბიუროკრატიის ალაგმვას, მოსამართლეთა არჩევითობის პრინციპის დაწესებას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას და მართლმსაჯულების ადგილობრივ ენაზე წარმოებას. სტატიაში, ასევე, ახსნილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებებში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაც.

კვლევის მეთოდოლოგია: სტატიაში გამოყენებულია შედარებითი-სამართლებრივი მეთოდი, ისტორიული და ლოგიკური ერთიანობის პრინციპი.

შედეგები და გამოყენება: სტატიას აქვს სასწავლო-მეთოდური მნიშვნელობა.

დასკვნა: თავისი ბიუროკრატიული სტრუქტურით არსებული რუსული მართლმსაჯულება, არსებითად მოწყვეტილი აღმოჩნდა რეალობისაგან, ადგილობრივთა ინტერესების დაცვისაგან. გაყალბებული მტკიცებულებების გამოყენებით მიღებული „ჭეშმარიტება“ და ნდობა დაკარგული სასამართლოს უღირსი მოხელების საქმიანობა, მნიშვნელოვნად აკნინებდა არსებულ სამართალწარმოებას, მის რეპუტაციას.

საკვანძო სიტყვები: სასამართლო რეფორმა, ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტი, მოსამართლეთა არჩევა, ქუთაისის საოლქო სასამართლო, სასამართლო პროცესის მონაწილეები, გადაწყვეტილება, ადვოკატი

სტატია