ცინცაძე ასიე

პროფესორი, ფინანსების, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო

მელოიანი-ფუტკარაძე ლილითი

ასისტენტ-პროფესორი, ფინანსების, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


სადაზღვევო ბაზრის მდგრადობის ანალიზი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: დაზღვევის დარგის განვითარება სხვა დარგებისაგან განსხვავებით ეკონომიკური სუბიექტების და ცალკეული მოქალაქეების მიერ რისკიანი სიტუციების გაანალიზებაზეა დამოკიდებული. ამის მიღწევა კი ფსიქოლოგიური, სამართლებრივი და რიგი ეკონომიკური წესების, კანონებისა და მეთოდებით არის შესაძლებელი. დიდი ისტორიული განვითარების შედეგად დღეს მსოფლიოში სადაზღვევო ბაზრები მძლავრ ინდუსტრიას წარმოადგენენ. ისინი ფინანსური ბაზრის მთავარი მოთამაშეები არიან საინვესტიციო ფუნქციის შესრულებით. სადაზღვევო ბაზრის მდგრადობა არაა მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტის მომხმარებელთა მხრიდან საიმედოობის ნიშნით შეფასების ობიექტია, არამედ მთლიანად ქვეყნის ფინანსური ბაზრის სტაბილურობის გარანტია. გამომდინარე აქედან, სტატიაში მთავარი ყურადღება განვითარებადი ქვეყნის დაზღვევის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლაზეა მიქცეული.

კვლევის მეთოდოლოგია: ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე ქართული დაზღვევის ბაზარი მდგრადობის ზრდით არ გამოირჩევა. მართალია დაზღვევა ალბათურია და განუსაზღვრელობის მაღალი დონე არ იძლევა წარმატების იოლად მიღწევის შესაძლებლობას, თუმცა არის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელთა აღმოფხვრით მიიღწევა დაზღვევის ბაზრის მდგრადობის ზრდა. სადაზღვევო ბაზრის მდგრადობის რეგულირება სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის უპირველესი ამოცანაა, ამიტომ სწორად შერჩეული რეგულირების ინსტრუმენტები, მათი სამართლიანი გამოყენება, ბაზრის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, სწორი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, არის დაზღვევის ინდუსტრიის ეფექტიანობისა და მთლიანად ფინანსური ბაზრის სტაბილურობის ზრდის გენერატორი. განვითარებადი ქვეყნები დაზღვევის ბაზრის განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევიან. ამ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების დაბალ დონესთან ერთად სადაზღვევო პროდუქტის აუცილებელ პროდუქტად აღქმის პრობლემაა. პრობლემათა კვლევა მოითხოვს არსებული მდგომარეობის ემპირიულ ანალიზს, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული ქვეყნის სადაზღვევო კულტურის, ზედამხედველობის ნორმების, სამართლებრივი რეგულირების ნორმების შეფასების საფუძველზე ჩამოყალიბდეს მექანიზმები, მორგებული ქვეყნის სპეციფიკაზე.

შედეგები და გამოყენება: სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მდგრადობა პირველ რიგში დამოკიდებულია ზარალების მოცულობაზე და მეორე რიგში საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებელია გაზრდილი ზარალის კომპენსაცია მოახდინოს.

დასკვნა: შესწავლილი მასალების, შესრულებული გათვლების და მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი განხილული წლების განმავლობაში სტაბილურად საშუალო მდგრადობისაა, ასევე სტაბილურია, მაგრამ ძალიან მცირე ქვეყნის მშპ-ში დაზღვევის წილი, შესაბამისად მცირე მაშტაბებითაა წარმოდგენილი საინვესტიცო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

საკვანძო სიტყვები: მდგრადობა, საინვესტიციო შემოსავალი, მთლიანი გამოშვება, ზარალიანობის ნორმა

სტატია