მსხვილიძე თამარი

დოქტორანტი, სამართლის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


ძირითადი პრობლემები კოლიზიური სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: კოლიზიური სამართალს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, მისი ნორმები განსაზღვრავს, თუ რომელი სამართალი გამოიყენება სადავო კერძოსამართლებრივი ურთიერთობების გადასაწყვეტად. დღევანდელ მსოფლიოში საგრძნობლად მოიმატა სასამართლოთა მიერ საერთაშორისო კერძოსამართლებრივი დავების განხილვის რიცხვმა. ეს უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სამოქალაქო პროცესების ინტერნაციონალიზაციით, რომელიც თავის მხრივ არის ტრანსნაციონალური ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, ასევე ახალი შესაძლებლობებისა და შორეული დისტანციების გადალახვის შედეგი.

უცხო ქვეყნის სამართალი საერთაშორისო კერძო სამართლის გულად იწოდება. საერთაშორისო სამართლებრივ ჰარმონიზაციას შეუძლია ეროვნულ კანონებს შორის სხვაობების აღმოფხვრა, იმპერატიული ნორმების გამოყენებას კი უცხო ნორმის დადგენის საჭიროების თავიდან აცილება. მიუხედავად ამისა, უცხო ქვეყნის სამართალი ხშირად გამოიყენება და უმეტესად განსხვავდება ადგილობრივისაგან. თუ მხარეებს სურთ, დაეყრდნონ ასეთ სხვაობას, მაშინ უცხოური კანონის გამოყენებისა და მისი შინაარსის მტკიცების საკითხი აქტიურდება.

კოლიზიური სამართლის ზოგადი ნაწილის არსებით საკითხად და სპეციფიურ პრობლემად ითვლება lex fori (სასამართლო ქვეყნის კანონი). ზომებს, რომელსაც სასამართლო და მხარეები იღებს უცხოური ნორმის დასადგენად, შეიძლება ყოველთვის არ მოჰყვეს წარმატება. უცხოური ნორმის შინაარსის დადგენის პროცესის პრაქტიკული სირთულეები და იმის ვარაუდი, რომ ის ვერ იქნება გაგებული საჭირო დოზით, დღის წესრიგში აყენებს საკითხს ამ ნორმის დაუდგენლობის შედეგების შესახებ. როცა გაწეული ძალისხმევის მიუხედავად გამოსაყენებელი სამართალი ვერ დგინდება, მოსამართლეს უფლება აქვს გამოიყენოს სასამართლო ქვეყნის სამართალი (lex fori), როგორც დამხმარე ნორმა.

უცხოური ნორმის დადგენა და მისი გამოყენება პირდაპირ კავშირსა და ფუნქციურად ურთიერთდამოკიდებულ მდგომარეობაში იმყოფება უკუმითითებისა და შემდგომი მითითების საკითხთან. საერთაშორისო კერძო სამართალი განსაზღვრავს რომელი ქვეყნის სამართლით მოწესრიგდეს უცხო ელემენტით დატვირთული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა. ანუ, კოლიზიური ნორმა კონკრეტული სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად უთითებს რომელიმე ქვეყნის სამართალს, რომლის საერთაშორისო კერძო სამართლის კანონმა შესაძლებელია უკან დაუბრუნოს მითითება თავდაპირველ ქვეყანას ან მიანიშნოს მესამე ქვეყნის სამართლის გამოყენებაზე. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს უკუმითითება, მან უნდა იცოდეს უცხოური კოლიზიური ნორმის არსი. როდესაც კოლიზიური ნორმა მიანიშნებს უცხოური სამართლის გამოყენებას, ხოლო იგი უკანვე მიუთითებს თავდაპირველ სამართალს, ამას დოქტრინა უწოდებს პირველი რანგის ანუ ერთჯერად renvoi-ს (რემისია), ხოლო როცა საკოლიზიო კანონი მითითებას აკეთებს მესამე ქვეყნის სამართლის გამოყენებაზე ესაა შემდგომი მითითება _ მეორე რანგის ანუ კომპლექსური renvoi (ტრანსმისია).

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომის დამუშავებისას გამოყენებულ იქნება შედარებითი-სამართლებრივი, ასევე ანალიზისა და სინთეზის მეთოდი.

შედეგები და გამოყენება: დღეს, როდესაც ქართველ და სხვადასხვა სახელმწიფოს ბიზნესმენებს შორის ფართოვდება ეკონომიკური ურთიერთობები, მოქალაქეთა შორის ინტენსიური სამართლებრივი ურთიერთობები მყარდება, იზრდება ევროკავშირის როლი ჩვენს რეალობაში, კიდევ უფრო აქტიურდება კოლიზიური ნორმის გამოყენების საკითხი. მოსამართლეები და ადვოკატები შეიძლება არ იყვნენ გათვითცნობიერებულნი კონკრეტული კოლიზიური შემთხვევების გადაწყვეტის არსში. ამიტომ კვლევა ღირებულად ჩაითვლება და დაეხმარება პრაქტიკოს იურისტებს ამ საკითხების უკეთ შეცნობასა და გამოყენებაში.

დასკვნა: საერთაშორისო კერძო სამართლის ძირითადი მიზანი ეფექტურად განხორციელდება, თუ გამოსაყენებელი უცხოური სამართალი ადეკვატურად დამტკიცდება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამართლებრივი კონფლიქტის ჭეშმარიტად გადაწყვეტა. ამ ფონზე აღნიშნული საკითხები ერთ-ერთ ნაკლებად გამოკვლეულ თემად ითვლება მსოფლიოს და ჩვენს საკოლიზიო კაონმდებლობაში. ნაშრომი მიზნად ისახავს უცხოური სამართლის არსის დადგენას, დაუდგენლობის შედეგებსა და უკუმითითებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების პოვნისას, მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის გაზიარება, რადგან ისინი იძლევიან სასარგებლო რჩევებს მხრეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის.

საკვანძო სიტყვები: კოლიზიური სამართალი, უცხოური სამართალი, lex fori, renvoi

სტატია