ჩხეიძე ია

ასოცირებული პროფესორი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - მიღწევები და გამოწვევები

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - სფერო, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახლა იქმნება და განვითარების მცირე პერიოდში მნიშვნელოვან წინსვლა გვაქვს სახეზე.

2016 წლამდე არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სისხლისსამართალწარმოების ცალკეული საკითხები სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდებოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართალწარმოების თავისებურებებს მხოლოდ 1 თავი ეთმობოდა, რომელიც საკმაოდ ზერელედ არეგულირებდა აღნიშნულ საკითხს.

მოხსენების მიზანი იმ სიახლეებისა და მიღწევების გაცნობაა რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში იქნა მიღწეული. ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც თავს უყრის არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, სისხლისსამართალწარმოების და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უკვე ინსტიტუციურად ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა სასამართლო ან საგამოძიებო სტრუქტურა დამოუკიდებელი სახით არ არსებობს.

კვლევის მიზანს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზებზე მსჯელობაც წარმოადგენს.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებული იქნა შედარებითი ანალიზის, მიმოხილვისა და სტატისტიკური კვლევის მეთოდი.

შედარებითი ანალიზის გზით შესაძლებელი გახდა უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ერთწლიანი პრაქტიკის მიმოხილვა. საკმაოდ საინტერესო ტენდენციებზე მიუთითებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სტატისტიკური ინფორმაცია.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საკმაოდ საინტერესო ისტორიას გავეცანით.

არასრულწელოვანთა მართლმსაჯულების ჩამოყალიბება და ცალკე სისტემების შექმნა ამერიკასა და ევროპაში იწყება. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში პირველად აშშ-ში ჩნდება არასრულწლოვან დამნაშავეთა სამეურვეო მეთვალყურეობაში გადაცემის იდეა. მოგვიანებით ილინოისი შტატში - 1899 წელს, იქმნება არასრულწლოვანთ სასამართლო. არასრულწლოვანთა მიმართ პირველი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები მიღებული იქნა ინგლისში 1908 წელს, ხოლო 1914 წელს ამერიკის გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება არასრულწლოვანთა სასამართლო საფრანგეთშიც.

დღეს უკვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ორ მოდელს გამოყოფენ, ესენია: ანგლო-საქსური იუვენალური იუსტიცია და ევროპული იუვენალური იუსტიცია. ქართლმსა სამართლებრივმა სისტემამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ევროპულ იუვენალურ ისტიციაზე დააფუძნა.

ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კვლევის შედეგად ნათელი გახდა თუ რაოდენ ლიბერალურია მიდგომები კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ, რაზეც არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების მაღალი და მათ მიმართ პატიმრობის გამოყენების დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს.

დასკვნა: ამდენად, საქართველოსთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო ფაქტობრივად ახლა ყალიბდება და ბუნებრივია, რომ დიდ მიღწევებთან ერთად ჯერ კიდევ არსებობს რიგი საკითხებისა რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. მათ შორის, დასახვეწია ცალკეული საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც პრაქტიკას არ მისცემს ორაზროვანი და არაერთგვაროვანი გაგების საშუალებას. თუმცა, დასკვნის სახით შეუძლებელია არ აღინიშნოს ამ სფეროში არსებულ საკმაოდ დიდ და საინტერესო მიღწევებზე, რომელიც ძალიან მოკლე დროში იქნა მიღწეული.

საკვანძო სიტყვები: იუვენალური, არასრულწლოვანი, სპეციალიზაცია, განრიდება, მედიაცია

სტატია