შანიძე გოდერძი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მოტივაცია თანამედროვე კომპანიებში, შესრულებული სამუშაოს შეფასება და სტიმულირება

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: თანამედროვე პირობებში მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პერსონალი ჰყავდეს მუდმივად მოტივირებლი. ხშირად, ხელმძღვანელს ავიწყდება, რომ მათი მთავარი აქტივი სწორედ ის ადამიანებია, რომლებიც ქმნის იმ ფასეულობას, რომლის მეშვეობითაც მათგან მართული ორგანიზაცია იზიდავს მომხმარებლებს და საბოლოო ჯამში იღებს მოგებას, რაც მათი საქმიანობის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

ჩვენი კვლევის მიზანია წარმოვაჩინოთ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის მენეჯერის მხრიდან მოტივაციის შექმნა, როგორ უნდა ხდებოდეს შესრულებული სამუშაოს ობიექტური შეფასება და რატომ უნდა ეწეოდნენ მენეჯერები მუშაკების სტიმულირებას.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოვიყენე ანალიზისა და დაკვირვების მეთოდები. კვლევამ აჩვენა, რომ, თანამედროვე კომპანიებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოტივაციის გაზრდა თანამშრომლებში, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტურად შეფასება და ასევე სტიმულირების მექანიზმების შექმნა.

შედეგები და გამოყენება: ორგანიზაციაში პერსონალის მოტივაციას სხვადასხვა ფაქტორები იწვევს, ეს ინდივიდუალურია და კარგად უნდა ესმოდეს მენეჯერს, თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შეიძლება უმრავლეს შემთხვევაში საერთო იყოს თანამშრომლებისთვის. ეს ფაქტორებია: ხელფასი, კვალიფიკაცია და საყვარელი საქმე, კარიერული კიბე, შექება და საყვედური, მართვის გამჭირვალობა, სამუშაო გარემო, მეგობრული ატმოსფერო, სოციალური უზრუნველყოფა. უკანასკნელ წლებში კომპანიების მიერ სულ უფრო აქტიურად ინერგება შრომის კომპლექსური შეფასების სისტემა, რომელშიც სამუშაო კრიტერიუმები მკაცრად ფორმალიზებულია. სტიმულირების მხრივ კი შეიძლება აღვნიშნოთ მიზნის მიღწევის მონაწილეობის პროგრამა.

დასკვნა: საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ თანამედროვე კომპანიებში აუცილებელია მუშაკთა მოტივირება, სტიმულირება და შესრულებული სამუშაოს ობიექტურად შეფასება. მუშაკს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მენეჯერი მას ყოველთვის აკვირდება და საქმის პირნათლად შესრულებისას სათანადოდ დააფასებს. კომპანიაში ყველას უნდა ესმოდეს, რომ სამუშაოს შეფასება ხდება სამართლიანად და წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე. ის მენეჯერი იქნება წარმატებული და მიაღწევს დასახულ მიზნებს, ვინც მოახდენს მუშაკთა სრულყოფილ მოტივირებას.

საკვანძო სიტყვები: მოტივაცია, სამუშაოს შეფასება, სტიმულირება, კომპანია, მენეჯერი

სტატია