ცინარიძე რამინი

ასისტენტ-პროფესორი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო

ცეცხლაძე ლევანი

ბაკალავრი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, საქართველო


საქართველოს საბაჟო პოლიტიკა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

(თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები)


შესავალი და მიზანი: გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწო მსოფლიო ეკონომიკის სრულ გამჭვირვალობას, რამაც დღის წესრიგში დააყენა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის პრობლემა. ამ მიმართებით ერთ-ერთი მთავარი როლი განეკუთვნება ოპტიმალური საბაჟო სისტემის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას. საქართველოს საბაჟო პოლიტიკა განსაზღვრავს ქვეყნის უნარს შეინარჩუნოს და გაამყაროს მისი ადგილი და როლი საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში. რეგიონულ ინტეგრაციასა და ევროკავშირის განვითარების ეკონომიკურ ტენდენციებში ჩართვა-ჰარმონიზაცია ქვეყანას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და სრულყოფაში, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია ზომიერი, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან კოორდინაციაში მყოფი საბაჟო პოლიტიკის გატარება.

ნაშრომის მიზანია საბაჟო პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ იქნეს ამოცანათა სიმრავლე, რომელთა გადაწყვეტა აამაღლებს მიღებულ გადაწყვეტილებათა ოპერატიულობას, ობიექტურობას, ხელს შეუწყობს საგარეო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებას, ამასთანავე ისეთი ღონისძიებების შეფასება და გამოვლენა, რომლის ანალიზიც დაგვეხმარება განვახორციელოთ ეფექტიანი შედეგზე ორიენტირებული საბაჟო-სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

კვლევის მეთოდოლოგია: ნაშრომში გამოყენებული საინფორმაციო მასალა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზას.

ნაშრომში გამოყენებულია არსებული კვლევების სისტემური ანალიზის, ანალოგიების, პროგნოზირების, სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგისა და სხვა მეთოდები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედაგად აღმოჩნდა, რომ საბაჟო ბარიერების გამოყენებამ შეიძლება უფრო მეტი სოციალური უპირატესობები უზრუნველყოს, ვიდრე ეკონომიკურმა პოლიტიკის ღონისძიებებმა. „სასათბურე პირობებს" საჭიროებს ახლადფეხადგმული დარგები სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია მიმდინარე ეკონომიკური ფაქტორების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი კოორდინაცია საბაჟო პოლიტიკასთან.

დასკვნა: ჩვენი აზრით, მხოლოდ ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა შეძლებს სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ საქონელს. სატარიფო და არასატარიფო რე-გულირება შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამამულო წარმოების დაცვის ისტრუმენტი უცხოური იმპორტის ექსპანსიისაგან. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი თავისუფალი ვაჭრობა და მისგან მიღებული მოგება. შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია საქართველოში პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს საბაჟო სისტემაში ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვის სფეროში არსებული ნეგატიური ტენდენციების ლიკვიდაცია, საიმპორტო ბაჟები უნდა გადაიქცეს ეროვნული წარმოების დაცვისა და სახელმწიფო ხაზინის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ.

საკვანძო სიტყვები: საბაჟო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, პროტექციონისტული ღონისძიებები, ექსპორტ-იმპორტი

სტატია