საჯაია თამთა

დოქტორანტი; მოწვეული სპეციალისტი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ბალანჩივაძე თეონა

სტუდენტი, სამართლის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


არასრულწლოვანთა მიდგომები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის განსაზღვრის ქართულ სტანდარტთან მიმართებაში

(სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები)


შესავალი და მიზანი: "14 წლის რომ გავხდები, მერე აღარ მოვიპარავ. მანამდე კი ფულს ვაგროვებ..."- აღნიშნული სიტყვები ეკუთვნის ქ. თბილისში 2017 წლის თებერვალში მაღაზიებში უკანონო შეღწევის გზით თანხის ფარულად დაუფლების ორმოცდაათამდე ეპიზოდში მონაწილე მოზარდს.

მართალია, სამართალდამცავებმა მოახდინეს დასაბუთებული ვარაუდით დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული იდენტიფიცირება, თუმცა საკანონმდებლო ბერკეტების არქონის გამო ვერ ახდენენ მოზარდთა მიერ განხორციელებულ ქურდობათა ციკლზე სამართლებრივ რეაგირებასა და ქმედებათა პრევენციას, ვინაიდან საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებს.

განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების მძაფრი რეაგირება მოჰყვა. განსაკუთრებით დაზარალებულთა - მაღაზიების მეპატრონეთა მხრიდან იგრძნობა უკმაყოფილება, ვინაიდან მათ მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სახელმწიფო კი ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას და რაც მთავარია, დამნაშავეთა "სათანადო დასჯას". მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში სახელმწიფოს უმოქმედობა გაუმართლებელია. ილახება უფლებები, დამნაშავეთა დაუსჯელობა კი შემდგომში სხვა მოზარდთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა წახალისებას გამოიწვევს. "დაუსჯელობის სინდრომი" თავიდან რომ ავიცილოთ, აცხადებს საზოგადოების ნაწილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელზე ნაკლები უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის განსაზღვრის დადგენილი სტანდარტი, რომელიც ადაპტირებულია საერთაშორისო პრინციპებთან, თუმცა კანონმდებლობა მოქნილი და ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია გარკვეული ბალანსის არსებობა საზოგადო აზრს, ჩვეულებებს, შეხედულებებსა და სამართლის ნორმებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო გახდა, დაგვედგინა თუ როგორია თავად არასრულწლოვანთა მიდგომა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში. აცნობიერებენ თუ არა მოზარდები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსს და რა ასაკიდან მიიჩნევენ პირის დასჯას მისაღებად.

კვლევის მეთოდოლოგია: ავტორის მიერ ერთ-ერთ მეთოდად გამოყენებულია ისტორიულ-სამართლებრივი ანალიზი, რამაც გამოკვეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკთან მიმართებაში ქართული კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ტენდენციები.

ზემოაღნიშნული განხორციელდება ეროვნული საკანონმდებლო აქტების; გაერო-ს კონვენციების; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეგულირებისათვის შემუშავებული წესების; ანგარიშებისა და დასკვნების განხილვის საფუძველზე.

გამოყენებულია აგრეთვე ემპირიული მეთოდი - გამოკითხვა. კერძოდ ანკეტირების გზით გამოიკითხა საშუალო სკოლების მოსწავლეები.

შედეგები და გამოყენება: სტატიაში ავტორის მიერ ისტორიულ ჭრილში განხილულია საკითხთან მიმართებაში ქართული კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ტენდენციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და რაც მთავარია, მოყვანილია საჯარო სკოლებში ათიდან თხუთმეტ წლამდე მოზარდებთან ჩატარებული გამოკითხვის ანალიზი, რომლითაც ნათელი ხდება არასრულწლოვანთა დამოკიდებულება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკთან მიმართებაში.

დასკვნა: მართალია, არასრულწლოვანთა გამოკითხვამ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისასალმებელია საქართველოს ქმედითი ნაბიჯები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

საკვანძო სიტყვები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მინიმალური ასაკი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი

სტატია