კინწურაშვილი ირაკლი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


მარკეტინგული ხელშეწყობა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საკურორტო მეურნეობისა და სასტუმროთა ქსელის წარმოებასთან დაკავშირებული სიძნელეების მარკეტინგული გამოკვლევა და მისი დაძლევის გზების დასახვა. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ეროვნული მეურნეობის აღორძინებისა და განვითარების თვალსაზრისითსაჭიროა, რომ სახელმწიფომ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს ამ საქმიანობაში დაკავებულ მეწარმე-ბიზნესმენებს და გაატაროს სტიმულირებადი ღონისძიებები ამ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.

ნაშრომში ნათლადაა წარმოდგენილი საქართველოში არსებული კურორტების განვითარების აუცილებლობა და სამომავლო პერსპექტივები, აქვეა აღნიშნული ამ სფეროს პოსტსაბჭოური განვითარების მასშტაბები, რომლის გათვალისწინება დღესაც აქტუალური და აუცილებელია.

კვლევის მეთოდოლოგია: ტურისტული სეგმენტაცია, დაკვირვება და ახალი საქონლის შეთავაზება ტურისტებისათვის.

შედეგები და გამოყენება: განსაკუთრებულ განსაზღვრას საჭიროებს მომხმარებელთა ეკონომიკური ფაქტორებიც. შემოსავლების დონე ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და მარკეტინგული კონცეფცია სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ტურისტულმა ფირმამ უნდა უზრუნველყოს მომსახურების სხვადასხვაგვარი პაკეტი დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი კლიენტურისათვის, საჭიროა ამას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რათა შეძლონ ჯეროვნად მოემსახურონ დამსვენებელთა ყველა სეგმენტს.

ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ტურის ფსიქოლოგიური ასპექტები. მარკეტინგმა უნდა განსაზღვროს ეთნიკურია ტურიზმი, რელიგიური, სოციალური თუ ექსკლუზიური. საჭიროა განისაზღვროს ტურის მოტივი, საფუძველი რომლითაც შეიძლება ნაკარნახევი იყოს ტური. განსასაზღვრია ტურის ხანგრძლივობა, ჯგუფურია თუ ინდივიდუალურია ტური, შესაბამისად უნდა მოხდეს დამსვენებელთა განთავსება ტურისტულ სახლებში, კემპინგებსა თუ სასტუმროებში.

დასკვნა: ამგვარი მარკეტინგული ღონისძიებების გატარებისას ტურისტული ფირმა კარგად უნდა ერკვეოდეს კონკურენციულ საქმიანობაში, მას უნდა შეეძლოს დაიცვას თავისი დამსვენებელი რაიმე ექსცესებისაგან, უნდა დაეხმაროს მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემის მოგვარებაში (მაგალითად: ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება), უნდა შეეძლოს დამსვენებელს შესთავაზოს დასვენებისა და გართობის საშუალებები, შესაძლებელია შესთავაზოს გასვლითი ტური ბუნებაში, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტული სააგენტოს კონკურენტუნარიანობას და დამსვენებელთა მხრიდან სანდომიანობას.

საკვანძო სიტყვები: მარკეტინგი, ტური, სეგმენტირება, მეწარმე-ბიზნესმენი

სტატია