ჯალაღონია დავით

პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

პაპასკუა იური

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო


საფინანსო და საგადასახადო აღრიცხვის ჰარმონიზაციისათვის

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირება შეუძლებელია გადასახადების გადახდის გარეშე. გადასახადების ადმინისტრირების ინსტრუმენტს კი წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვა. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ბუღალტრული აღრიცხვა სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშოროსო სატანდარტების (ბასს) შესაბამისად, ხოლო გადასახადების ადმინისტრებისთვის მოქმედებს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული განსხვავებული რეგულაციები, რაც საფინანსო (სააღრიცხვო) და საგადასახადო მოგებებს შორის წარმოშობს სხვაობას.

აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია საფინანსო (სააღრიცხვო) და საგადასახადო მოგების ბაზის ფორმირებისთვის განსხვავებული მიდგომების დაახლოების აუცილებლობის დასაბუთება და მათ შორის არსებული განსხვავებების დასაძლევად, ჰარმონიზაციის შესაძლებლობების გამოკვეთა.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველია ფასს-ის კონცეფციები, საგადასახადო ადმინისტრირების მარეგულიერებელი ნორმატიული აქტები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მკლევარების ნაშრომები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სააღრიცხვო (საფინანსო) და საგადასახადო მოგებებს შორის სხვაობებს გააჩნიათ მუდმივი და დროებითი ხასიათი. დროებითი სხვაობებისაგან განსხვავებით, სააღრიცხვო (საფინანსო) და საგადასახადო მოგებას შორის წარმოშობილი მუდმივი სხვაობების კომპენსაცია არ ხდება მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში. ფაქტობრივად, სამეწარმეო სუბიექტებს ეზღუდებათ ბიზნესინტერესები, ამასთან, უხდებათ საგადასახადო და ფინანსური (სააღრიცხვო) ბუღალტერიის ცალ-ცალკე წარმოება.

დასკვნა: დასახული მიზნის პრაქტიკული რეალიზაციისათვის აუცილებელია:

- მოცულობითი და საპასუხისმგებლო ცვლილებების შეტანა აღნიშნული საკითხის მარეგულიერებელ მოქმედ ნორმატიულ აქტებში;

-ისეთი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გადამხდელისა და ადმინისტრირების ინტერესებს დააბალანსებს;

- საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომი გამარტივება და მისი ორიენტირება ეკონომიკის განვითარებაზე;

- მენტალური ბარიერის გადალახვა და განწყობის შექმნა საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის რაციონალური ჰარმონიზაციისთვის ისე, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება არ შეფერხდეს.

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო ადმინისტრირება, დროებითი და მუდმივი სხვაობები, ჰარმონიზაცია

სტატია