ღავთაძე გიორგი

პროფესორი; რექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

გირგვლიანი სალომე

დოქტორანტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ინოვაციური პოლიტიკა, როგორც თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი ფაქტორი

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია საინოვაციო სისტემის განვითარების უნარი. ევროპაში ეკონომიკური ზრდა, სოციალური პრობლემების გადაჭრა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმება და რეგიონების ჩამორჩენის აღმოფხვრა, ძირითადად საინოვაციო პოლიტიკის გატარებითაა უზრუნველყოფილი. საინოვაციო პოლიტიკა ეს არის, სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების დარგში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ინოვაციური განვითარება ხანგრძლივი პროცესია. თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შექმნა, განათლების სისტემის რეფორმა და სამეცნიერო სექტორის განვითარება მიზანმიმართულ პოლიტიკასა და სტრატეგიას მოითხოვს. დღესდღეობით, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების პირობებში, საწარმოები ძირითად ფინანსურ რესურსებს მიმართავენ წარმოების მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად, ვიდრე ინოვაციური პროექტების განხორციელებისათვის.

პრობლემის კვლევის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გავიგოთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რათა ინოვაციური ბიზნესი განვითარდეს. როგორ დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, ან მოვიზიდოთ ინვესტიციები.

კვლევის მეთოდოლოგია: რეკომენდაციების შემუშავებისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მსოფლიოში წარმატებული კომპანიების განვითარების მაგალითებზე დაყრდნობით ლოგიკური დასკვნების გაკეთება. ცნობილ კორპორაციათა უმეტესობამ სწორედ ინოვაციურ პროგრამებში დაბანდებული ინვესტიციებით მიაღწიეს განვითარების უდიდეს მასშტაბებს. მაგალითად კომპანიამ ჰიულეტ–პაკარდი (იგივე HP) თანამედროვე ტექნოლოგიებში დაბანდებული ინვესტიციების შედეგად მოიპოვა ლიდერი კომპანიის სტატუსი მსოფლიოში.

შედეგები და გამოყენება: ინოვაცია გრძელვადიანი პროცესია, რომელიც განსხვავებული, საინტერესო იდეით იწყება და შემდეგ წარმატებით განსახორციელებლად საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. მართალია, მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, ტექნოლოგიური სტარტაპები და ა.შ. საქართველოს დღევანდელი რეალობისთვის არც ისე ორგანულია, მაგრამ მაშინ, როდესაც გლობალიზაცია ასე ყოვლისმომცველი ხდება საჭიროა დღესვე გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებებისაკენ.

დასკვნა: ინოვაციური პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციური ცენტრების, ლაბორატორიებისა და ბიზნეს–ინკუბატორების შექმნის გარეშე. საქართველოში ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის ერთ–ერთ აუცილებელ პირობად მიმაჩნია ტექნოპარკების შექმნა. ტექნოპარკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ მთავრობებიც, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და სუსტი რეგიონების განვითარებას.

ინოვაციური პოლიტიკის გატარება ხელს შეუწყობს ქართულ მრეწველობას განვითარდეს, უპასუხოს საერთაშორისო მოთხოვნებს და გასცდეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, ტექნოპარკი, ბიზნესი, ინვესტიცია

სტატია