ონიანი-საღინაძე ნანა

ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ელექტრონული ბიზნესის განვითარების საკითხები საქართველოში

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ზრდა განპირობებულია არა მარტო კომპიუტერების რაოდენობის ზრდით, არამედ მათი ქსელში გაერთიანებით. ასეთი გაერთიანება კარდინალურად გარდაქმნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთობებს. ელექტრონული ბიზნესი-ბიზნეს საქმიანობის ხარისხობრივად ახალი ტექნოლოგიებია, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპანიებს მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას კლიენტების მომსახურეობის გაუმჯობესების და პარტნიორებთან ბიზნეს ურთიერთობების ოპტიმიზაციის ხარჯზე. ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობა, გამოიყენოს ელექტრონული ბიზნესის უპირატესობები, წარმოადგენს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს XXI საუკუნის მსოფლიო ეკონომიკაში. ამ პროცესების საფუძველია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა, კომპიუტერის დომინირებულ შრომის იარაღად გადაქცევა და მონაცემთა გადაცემის ქსელების განვითარება.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევისას გამოყენებული იქნა, როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. კერძოდ, შესწავლილი იქნა ელექტრონული ბიზნესის განვითარების წინაპირობები და საქართველოს დღევანდელი რეალობა. გამოკითხვის მეთოდით განისაზღვრა ელექტრონული ბიზნესის სუბიექტები და ობიექტები, სუბიექტების კმაყოფილება აღნიშნული სფეროს შემოსავლიანობით და ა. შ.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოიკვეთა ელექტრონული ბიზნესის განვითარებაზე მოქმედი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, მმართველობითი და სამართლებრივი ფაქტორები. სამწუხაროა, რომ ელექტრონული ბიზნესი საქართველოში ვლინდება თავისი პრობლემატურობის ნიშნების მიხედვით. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კი, ის ვლინდება გამოცდილების დაგროვებისა და მიღწევების ანალიზის კონტექსში. საქართველოში ელექტრონული ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის სიმცირე (საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 30% არის ინტერნეტ მომხმარებელი), მოსახლეობის დაბალი მსყისველობითი უნარი, ელექტრონული ბიზნესის საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება.

დასკვნა: ელექტრონული ბიზნესის განვითარება განაპირობებს მრავალ ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისათვის, სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის აუცილებელია ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის ეფექტურად მართვა. საჭიროა ელექტრონული ბიზნესის ინტენსიური განვითარება, მსოფლიო ტენდენციების და წამყვანი გამოცდილების სწრაფი გაზიარება და საქართველოში დანეგვა. მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა ქართულ ელექტრონული ბიზნესის დასაფინანსებლად. მასთან, ელექტრონული ბიზნესის განვითარების მიზნით აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უახლესი ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში, ელექტრონული ბიზნესი წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მძლავრ სტიმულს. საქართველოს განვითარებადი ეკონომიკისთვის კი, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ინოვაციურ და ძლიერ ეკონომიკად ჩამოყალიბების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ელექტრონული ბიზნესი, ელექტრონული ბიზნესის მოდელები, ელექტრონული ბიზნესის განვითარების პრობლემები

სტატია