ჯულაყიძე ემზარ

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ბიზნეს-გარემოს ცვლილებებისადმი ადაპტაცია და კომპანიის ეფექტური სტრატეგია

(ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები)


შესავალი და მიზანი: ეკონომიკის გლობალიზაციისა და მკაცრი კონკურენციის პირობებში, არც ერთ კომპანიას არ შეუძლია იარსებოს განვითარების ზუსტად ფორმულირებული სტრატეგიის გარეშე. როგორც წესი, იგი უნდა იძლეოდეს ზუსტ პასუხს იმაზე, თუ როგორ, რომელი ხერხით მიაღწევს კომპანია თავის მიზნებს ასეთ ცვლად და კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენს ისეთი, ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიზანია გაზარდოს ცვლილებებისადმი კომპანიის ადაპტაციის უნარი და რომლის დროსაც მისი შედეგები იქნება წარმატებული, გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი ცვლილებების არსებობის მიუხედავად.

კვლევის მეთოდოლოგია: უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად სტრატეგიის ფორმირება მუდმივად განვითარებადი პროცესია. შეუძლებელია წინასწარ გათვალო მოსალოდნელი კონკურენციის და საბაზრო კონიუნქტურის ყველა დეტალი. ამ თვალთახედვით, ეფექტური სტრატეგიის ფორმირების მეთოდოლოგია, ერთის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს მუდმივად ცვლად გარემო ფაქტორებს, მეორეს მხრივ კი - მენეჯერთა ძალისხმევის ახალ შესაძლებლობებს, თუ როგორ გავხადოთ სტრატეგია უფრო სრულყოფილი და ქმედითუნარიანი.

შედეგები და გამოყენება: უდავო ჭეშმარიტებაა, ისიც, რომ წარმატების მიღწევისათვის საჭიროა როგორც სტრატეგიის შემუშავება, ასევე მისი რეალიზაცია. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიის დანერგვის საკითხი არის ყველაზე რთული და მენეჯერული საქმიანობის ყველაზე შრომატევადი ნაწილი. მისი სირთულე გამოიხატება იმაში, რომ სტრატეგიის რეალიზაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ მასზე, როგორც კომპანიის პირველ ხელმძღვანელზე, არამედ მთლიანად კომპანიის ქცევაზე, მის მენეჯერულ უნარზე მიიღოს სასურველი შედეგი.

დასკვნა: ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეფექტური სტრატეგია - ეს არის ერთის მხრივ, კომპანიის განვითარების გრძელვადიანი, სწორად პროგნოზირებული მიმართულება, რომელსაც ის სასურველი მიზნების რეალიზაციამდე მიჰყავს და მეორის მხრივ, გარემო ცვლილებებისა და იქ შექმნილი ალტერნატივების ხარჯზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობასაც იძლევა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია, კონკურენტული გარემო, ეფექტური სტრატეგია, პროგნოზირება, ცვლილებების იდენტიფიცირება, სტრატეგიის რეალიზაცია, კონკურენტული უპირატესობა, ბიზნეს-წარმატება

სტატია