შონია ნანა

პროფესორი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი; ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო

ქობულაძე ნატო

ასოცირებული პროფესორი; უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, პედაგოგიკის დეპარტამენტი; უწყვეტი განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


ეფექტური კომუნიკაცია – საჯარო მმართველობის წარმატების საწინდარი

(ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები)


შესავალი და მიზანი: პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ადამიანის გარშემოა და შეადგენს მის საარსებო საშუალებას, კომუნიკაციურ გარემოს წარმოადგენს. ამასთანავე, ამ გარემოს ნაწილს შეადგენს საგნები, მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კომუნიკაციური ფუნქციით, ხოლო ნაწილი - საკუთრივ კომუნიკაციური გარემოა, რომლის მთავარი დანიშნულებაა შეტყობინების გადაცემა.

ეფექტური კომუნიკაციის ასაგებად საჭიროა თითოეული ადამიანის თავისებურების გათვალისწინება, რომლის დროსაც მნიშვნელობა ენიჭება მოსმენას, ინტერპრეტაციას და ლოგიკურ გადამუშავებას. კომუნიკაციის შეუფერხებელი ხასიათი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი პრობლემური თუ არაპრობლემური სოციალური სიტუაცია სწორედ მხარეებს შორის კომუნიკაციაზეა დამყარებული. მიზეზი, რის გამოც ადამიანებს სჭრდებათ კომუნიკაცია, არის ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფების მოთხოვნილებები, რომელთა დაუკმაყოფილებლობა იწვევს კონფლიქტურ სიტუაციას ნებისმიერ საჯარო სამსახურეში, რაც უარყოფითად აისახება როგორც მათ საქმიანობაზე, ისე საზოგადოების ყოფა–ცხოვრებაზე.

კვლევის მიზანი: კონფლიქტური სიტუაციების გამომწვევი მიზეზების შესწავლა (გამოვლენა) და აღმოფხვრა საჯარო სამსახურებში (აკაკი წერეთლისს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე)

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის მიზნით ჩატარებული იქნა სტუდენტების, აკადემიური და დამხმარე პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმოამდგენელების ანკეტირება, ზეპირი გასაუბრება და გამოკითხვები, რომელთა გაანალიზების შედეგად შემუშავდა რიგი რეკომენდაციები. ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი დასკვნები.

შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო სამსახურში ხშირია ინტერპერსონალური კომუნიკაციის დეფიციტის შემთხვევები, უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციული ვაკუუმის, ან არასრულყოფილი ინფორმაციის ფლობის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულია სტუდენტი - ნორმატიულ ვადაში ვერ ითვისებენ კრედიტებს, ზარალდებიან ფინანსურად, არ არიან დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანები და ა.შ. რაც შეეხება განაწყენებულ აკადემიურ პერსონალს, შვედი ლექტორისაგან განსხვავებით, აუდიტორული მუშაობის ჩაშლით ასრულებს პედაგოგიურ საქმიანობას.

დასკვნა: საჯარო სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ რეალურ გზად მიჩნეულია ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ნებისმიერ პოზიციაზე მყოფ პირებთან, უნივერსიტეტის შემთხვევაში აუცილებელია:

•ცნობიერების ამაღლება საუნივერსიტეტო ეთიკის კოდექსის საკითხებზე, როგორც აკადემიური და დამხმარე პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის;

•აკადემიური და დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიზნით;

•ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადამზადება ელექტრონული მმართველობის სისტემის ეფექტურად გამოყენების მიზნით;

•სწრაფი ინფორმირებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის არსებობა ფაკულტეტის დონეზე ;

•სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდება;

•სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათის ხელმისაწვდომობა;

•უკუკავშირის ფორმების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების ყუთების შემოღება

საკვანძო სიტყვები: ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო მართველობა, კონფლიქტური სიტუაციები, ეთიკის კოდექსი

სტატია