ფორჩხიძე ბადრი

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


სოციალური სკეპტიციზმის მსოფლმხედველობრივი პრობლემები

(პიროვნებათაშორის ურთიერთობათა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ასპექტები)


შესავალი და მიზანი: ლათინური ტერმინოლოგიის მიხედვით, პესიმიზმი გულისხმობს ადამიანის, ან კაცობრიობის ზოგად-უარყოფით შეფასებას. ცალკეულ საგანთ, ან მოვლენათა ერთობლიობის ეთიკურ-ღირებულებითი შეფასება, ცალკეული ფაქტების იდენტურობის მიუხედავად, შესაძლოა, დიამეტრულად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანთა მიერ გამოთქმული შეფასებებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი გახლავთ ფილოსოფიური პესიმიზმის, როგორც მსოფლიოს ნეგატიური იდეის ნათელყოფა, თეორიული დაშვების შესაძლებლობისამებრ.

კვლევის მეთოდოლოგია: ლოგიკური რედუქციისა და ანალიტიკური მეთოდოლოგიის პარალელურად, განხილულ იქნა შოპენჰაუერის, სარტრის, კამიუსა და ბერდიაევის თვალსაზრისები, შედარებით_ისტორიული ანალიზის მეთოდოლოგიურ კონტექსტში. არტურ შოპენჰაუერის თვალსაზრისით, სიცოცხლის გაუაზრებელი წყურვილი გვევლინება სამყაროს არსებობის ძირითად წყაროდ (" სასიცოცხლო ნება"), რომელიც მიმართულია სამუდამო სატანჯველისკენ.კაცობრიობის ისტორიას არ გააჩნია არავითარი წინასწარ დასახული გეგმა, თანმიმდევრობა და პროგრესი. რაც შეეხება პიროვნულ ცხოვრებაში განცდილ სიამოვნებას, იგი გახლავთ სატყუარა, რომელიც შეადგენს გარკვეულ პაუზებს ტკივილიან განსაცდელსა და მოწყენილობას შორის. შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევა შესაძლებელია "სასიცოცხლო ნებისაგან" გაქცევით და არყოფნის ღვთაებრივი სიმშვიდის აღჭურვით.

შედეგები და გამოყენება: ჩატარებული გამოკვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მარტოობის პრობლემაგახლავთ სოციალური პესიმიზმის განუყრელი ატრიბუტი, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ კოსმიური სამყაროს ჰორიზონტით, სწორედ ესაა მიზეზი მარტოობისა და მიტოვებულობის განცდის გაძლიერებისა და გამძაფრებისა. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფრანგულ ექსისტენციალიზმში – სარტრთან და კამიუსთან, თუმცა ბერდიაევთან პრობლემა ისმება მასობრივი საზოგადოების ურთიერთობათა განზომილებაში.

დასკვნა: თემის დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პესიმიზმის გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, თავიანთი არაერთგვაროვანი ბუნებისა და წარმომავლობის მიუხედავად, განეკუთვნებიან ადამიანურ ინდივიდუუმთა კოლექტიური თანაცხოვრების სფეროს.

საკვანძო სიტყვები: სოციალური პესიმიზმი, ადამიანური შეფასებანი, შედარებითი ანალიზი, სასიცოცხლო ნება, ღვთაებრივი სიმშვიდე, მარტოობა, მიტოვებულობა

სტატია