გოგოლიძე ირმა

ასისტენტ პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო


უსაფრთხოების დილემა და გლობალური გამოწვევები

(ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები)


შესავალი და მიზანი: უსაფრთხოება განსაკუთრებით აქტუალურია გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ეკონომიზაცია, დემოკრატიზაცია, ინფორმატიზაცია ქმნის განვითარებისათვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს აქცევს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას უფრო დაუცველად ისეთი გამოწვევებისათვის როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. სახელმწიფოების მიერ უსაფრთხოების ძიება გამოიხატება თავდაცვასა ან შეტევაში, უფრო ძლიერების მიმართ დამოკიდებულების ფრთხილ პოზიციაში, შეიარაღებულ ნეიტრალიტეტში ან იმპერიალიზმში. ეს არის წრე, რომელსაც რეალისტები ,,უსაფრთხოების დილემის“ დეფინიციას აძლევენ. საკვლევი თემის მიზანს წარმოადგენს: გაანალიზოს გლობალური გამოწვევები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო უსაფრთხოებას.

კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოვიყენეთ თეორიული, ისტორიული, სოციოლოგიური მასალის ანალიტიკური შეფასება; სიტუაციის ანალიზი, ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალის შესწავლა-ანალიზი.

შედეგები და გამოყენება: უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები დაკავშირებულია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების სისტემების გლობალურ კრიზისთან. სახელმწიფოთა როლი სუსტდება; მას-მედია უკვე სცდება სახელმწიფოებრივ საზღვრებს; იქმნება საზოგადოებები ეთნიკური და რელიგიური იდენტიფიკაციის ნიადაგზე, რაც ქმნის სეპარატიზმის, რელიგიური და ეთნიკური ექსტრემიზმის საფრთხეებს. ხშირად ასეთი საზოგადოებები ასოცირდებიან ტერორიზმთან, მათ უკავშირდება ლოკალური ომების მუქარა და რეგიონული შეიარაღებული კონფლიქტები.

დასკვნა: ურთიერთდამოკიდებულების პროცესები შლის საზღვარს საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის. სახელმწიფოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკა უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იწვევს ცვლილებებს უსაფრთხოების სფეროშიც. ნაციონალური საზღვრების შეღწევადობამ, რეგიონული ინტეგრაციის მოძრაობებმა, არასამთავრობო აქტორთა გამრავლებამ, საერთაშორისო რეჟიმების მზარდმა როლმა, სახელმწიფოთა გავლენა შეარყია იმგვარად, რომ ეს ფენომენები ეთნიკურ კონფლიქტებს დაემთხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მთავრობებს აღარ აქვთ შიდა პოლიტიკისა და დიპლომატიურ-სტრატეგიული ორიენტაციების სრულად განსაზღვრის შესაძლებლობა. ცხადია, გლობალური გამოწვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ცივილიზებულ სამყაროს, ეროვნულ თუ საერთაშორისო უსაფრთხოებას.

საკვანძო სიტყვები: ურთიერთდამოკიდებულების თეორია, ტერორიზმი, კონფლიქტები, უსაფრთხოება

სტატია