პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
შესავალი და მიზანი: კომპანიის მთავარი ოპერაციული ფუნქციის წარმატებული რეალიზება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიზნეს-გარემოში მიმდინარე ცვლილებების სწორ აღქმაზე და იმ სისტემის ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე, რომელშიც გადაწყვეტილების შემუშავება ხდება. თანამედროვე ცვლადი გარემო უამრავ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს უქმნის კომპანიას. შესაძლებლობების საპასუხოდ მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კიდევ უფრო ზრდის კომპანიის მწარმოებლურობას, ხოლო, საფრთხეების საპასუხოდ, მენეჯერები ცდილობენ იპოვონ ისეთი გზები, რომლის მიხედვითაც შეძლებენ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდნენ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. შესაბამისად, კვლევის მიზანია, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროგრამირებადი გადაწყვეტილებები, რადგან პროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღება თითქმის ავტომატური პროცესია. ანუ, გადაწყვეტილების მიღება მინიმალური დროის დანახარჯებით ხდება.
კვლევის მეთოდოლოგია: იბადება კითხვა - როგორ მივაღწიოთ მმართველობითი გადაწყვეტილების შემუშავების ასეთ დონეს? ამ საკითხში გარკვევა, პირველ რიგში მოითხოვს გავერკვეთ იმ ინდუსტრიის ეკონომიკური სისტემის განსაზღვრულობისა და განუსაზღვრელობის ხარისხში, სადაც ფუნქციონირებს აღნიშნული კომპანია. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო მეტია არსებული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია სისტემის შესახებ, მით უფრო იზრდება მისი განსაზღვრულობის ხარისხი და შესაბამისად პროგრამირებადი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელთა მიღებაც მენეჯერებს უკვე იმდენჯერ მოუხდათ წარსულში, რომ შეიმუშავეს ერთგვარი წესები, ძირითადი პრინციპები (პროგრამები), რომლებიც უნდა გამოიყენონ შესაბამის ვითარებებში.
შედეგები და გამოყენება: უნდა ითქვას, რომ უმეტესი გადაწყვეტილება, რომელთა მიღებაც ხდება კომპანიის ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით, ძირითადად პროგ¬რა¬მი¬რე¬ბადი გადაწყვეტილებებია. მათ შორის აღსანიშნავია: საწარმოო მარაგების მართვა, მასალებზე მოთხოვნის ზუსტი განსაზღვრა და ყველა ოპერატიული პროცესის კალენდარული დაგეგმვა. საქმე იმაშია, რომ წარმატების მსურველი ყველა მენეჯერი უნდა ცდილობდეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოს საწარმოო გეგმის შესრულება, ხოლო მეორე მხრივ, დაარეგულიროს წარმოების სიჩქარე, ადამიანური რესურსების რაოდენობა, ნედლეულისა და მასალების მარაგების დონე, შრომის პირობები, სამუშაო დღის რეჟიმი და მრავალი სხვა ფაქტორი, რომლის ძირითადი მიზანია - დანახარჯების მინიმიზაცია.
დასკვნა: პროგრამირებადი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მენეჯერებს აქვთ იმ რაოდენობისა და ხარისხის ინფორმაცია, რომელიც საკმარისია იმ წესების შესაქმნელად, რომლებითაც ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში. ამით იზოგება მნიშვნელოვანი დრო, ვინაიდან მენეჯერებს არ უწევთ სულ ახალი და ახალი პროცედურის გავლა, როცა შეიქმნება მსგავსი სიტუაცია.
საკვანძო სიტყვები: ოპერაციული ფუნქცია, სისტემის განსაზღვრულობა და განუსაზღვრელობა, პროგრამირებადი ან არაპროგრამირებადი გადაწყვეტილებები, მარაგების მართვა, მასალებზე მოთხოვნა, კალენდარული დაგეგმვა.