ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების მნიშვნელოვანი ასპექტები პანდემიის პირობებში
შესავალი და მიზანი: პანდემიის პირობებში როგორც მთელი მსოფლიო, ისე ჩვენი ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწვება ეს განსაცდელი და მისგან პროვოცირებული ეკონომიკური კრიზისი.
სტატიაში განხილულია მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის, დასაქმების და უმუშევრობის მნიშვნელოვანი ცვლილებები პანდემიის პირობებში. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოების არსებობის ძირითად საფუძველს, სახელმწიფოებრივი მოწყობის მიუხედავად, წარმოადგენს წარმოება. წარმოების უნარზეა დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე. მასთან კი უშუალო კავშირშია ადამიანური კაპიტალი, როგორც წარმოების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ელემენტი. სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ცვლილებაზე ასაკობრივი სტრუქტურისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით, დახასიათებულია ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების ჩართულობა და მისი კავშირი ეკონომიკურ განვითარებასთან პანდემიის პირობებში. ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზებულია მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის დინამიკა და მასზე დაყრდნობით გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.
კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის დროს გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის და ეკონომიკურ-სტატისტიკური (დაკვირვება, დაჯგუფება, დინამიკური მწკრივების და ა. შ) მეთოდები.
შედეგები და გამოყენება: მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრობლემის ახლებურად, გონივრულად გააზრება.
დასკვნა: პანდემიით გამოწვეული კრიზისის და მასობრივი უმუშევრობის დაძლევის მიზნით საჭიროა მეცნიერებთან და პრაქტიკოსებთან ერთად სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობის გაზრდა, მოქნილი მასტიმულირებელი და მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავება, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლად.
საკვანძო სიტყვები: პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ასაკობრივი სტრუქტურა, დასაქმება, უმუშევრობა