არაბიძე ნათია ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო მინდიაშვილი სოსო კონსულტანტი, ოფისი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, თბილისი, საქართველო ხოლოდოვი ნიკოლოზი უფროსი სპეციალისტი, ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისი, საქართველო ენერგოეფექტურობის პერსპექტივები და გამოწვევები კრიპტოვალუტის სექტორში (ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე თანამედროვე მსოფლიოს აქტიური გამოწვევაა. ხშირ შემთხვევაში ტექნოლოგიების მოდერნიზაცია ხდება მათი ენერგოეფექტურობის გათვლით, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექნიკა უნდა მოიხმარდეს ნაკლები რაოდენობის ელ.ენერგიას, ჰქონდეს მაღალი ენერგოეფექტურობა და მის მიერ გარემოში მავნე აირების ემისია შესაძლო მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ენერგოსექტორში აქტიურად ხდება განახლებადი ენერგიების დანერგვა მზის და ქარის ელ. სადგურების მიერ. აღნიშნული ელ.ენერგიის გენერაციის პროცესი გარემოზე მავნე ზიანს არ ახდენს, თუმცა ასეთ ტექნოლოგიებს არ გააჩნიათ ისეთი მაღალი ეფექტურობა როგორც გენერაციის სტანდარტულ წყაროებს (მაგ. ჰესები). ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოქმნა კრიპტოვალაუტის ცნება, რომელიც თანამედროვე საბანკო სისტემის წინააღმდეგ ნაწილად გამოჩნდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბანკების უმრავლესობა დღეს თვითონ არის დაკავებული კრიპტოვალუტის მაინინგით. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ბევრს მომავლის მთავარ ეკონომიკურ ძალად მიაჩნია მისი მთავარი გამოწვევა ელ.ენერგიის მაღალი მოხმარებაა. 2021 წლის მაისის მონაცემების მიხედვით მაინინგზე დახარჯულმა ელ.ენერგიამ 113 ტვტ.სთ შეადგინა, რაც მსოფლიო მოხმარების 0,64%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიო დგება პრობლემის წინაშე, ერთი მხრივ თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მეტ საბანკო თავისუფლებას იძლევა და მეორე მხრივ მისი არაენერგოეფექტურობა. ხშირად სწორედ ეს ხდება სტანდარტული საბანკო სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან კრიპტოვალუტის კრიტიკის საბაბი. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ სწორედ ბიტკოინის მცირე ენერგოეფექტურობა, არის მისი უსაფრთხოების გარანტი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მაინინგისთვის მოსახმარი ელ.ენერგიის ნაწილის განახლებადი წყაროებიდან მიღებაზე მუშაობამ შედეგი გამოიღო. კომპანია Tesla-ს მონაცემების მიხედვით, დღესდღეისობით მაინინგის დროს მოხმარებული ელ.ენერგიის მხოლოდ 39% წარმოებულია ენერგიის განახლებადი წყაროდან. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგი კვირის განმავლობაში ბიტკოინების ფასი რიგი პუნქტების მიხედვით დაეცა. ბიტკოინის ფერმები ხშირად ასევე განიხილება, როგორც ქსელში ჭარბი ელ.ენერგიის მოხმარების საშუალება, რაც უთუოდ მის დადებით მხარეს წარმოადგენს. მაინინგის ენერგოეფექტურობა კომპლექსური პრობლემაა, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ გადაწყვეტას ისეთი კუთხით, რომელიც ზიანს არ მიაყენებს არც სტანდარტულ საბანკო სისტემას არც თვითონ მაინინგის მწარმოებელს და არც ენერგოსისტემას. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა კრიპტოვალუტის ფასების, ელ.ენერგიის მოხმარებისა და ფასების სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ასევე კვლევაში გამოყენებულ იქნა დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია მისი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, შემდგომში მაინინგთან დაკავშირებული ეკონომიკური საკითხების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულების შესაფასებლად და განვითარების შესაძლო სცენარების გამოსათვლელად. შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღნოჩნდა, რომ მაინინგსა და ენერგეტიკას შორის კავშირი პირდაპირია და დრო და დრო უფრო მჭიდროვდება. ცალკეული გარემო ფაქტორები მაინინგის ფერმის მფლობელებს იძულებულს ხდის, მოახდინონ კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესის მოდერნიზაცია და მისი ენერგოეფექტურობის ზრდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაინინგის არაენერგოეფექტურობა ერთგვარი გარანტიაა იმის, რომ კრიპტოვალუტით მანიპულირების პროცესები ნაკლებად მიმზიდველი იქნება პოტენციური მხარესთვის, რომელიც უკანანო გზით ეცდება დაეუფლოს სხვის კრიპტოვალუტას ან მოახდინოს მისით მანიპულაცია სისტემის ცალკეულ წარმომადგენლებზე გავლენის მოხდენის მიზნით. დასკვნა: სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და სხვა და სხვა საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების და პროცესების ლოგიკური ჯაჭვების დადგენის შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნები: • კრიპტოვალუტის მაინინგის ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ელექტრონული ვალუტის მაინერთა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას; • მაინინგის პროცესი დამოკიდებულია ქვეყნის ენერგეტიკაზე და არსებით გავლენას ახდენს მასზე, განსაკუთრებით კი მცირე ქვეყნების შემთხვევაში, რომლებსაც მეტნაკლებად არამდგრადი ენერგეტიკული სექტორი გააჩნიათ; • არაეფექტური მაინინგის მაღალი მოთხოვნა ელ.ენერგიზე დამაზიანებელია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. • მაინინგის პროცესის ენერგოეფექტურობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია საკითხი განიხილებოდეს ფართო ჭრილში ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ არ დაზარალდეს ეკონომიკურ პროცესში მონაწილე სხვა ერთეულები (ბანკები). • მაინინგი წარმოადგენს თანამედროვე, დამოუკიდებელი საბანკო სისტემის ნათელ მაგალითს, თუმცა მნიშვნელოვანია პროცესების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, რათა მსგავსი ეკონომიკური სისტემა არ იქცეს არალეგალური და დანაშაულებრივი ქმედებების გავრცელების საშუალებად; • ენერგოეფექტური მაინინგი შესაძლოა გახდეს ცირკულარული ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. საკვანძო სიტყვები: კრიპტოვალუტა, მაინინგი, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკა, საბანკო სისტემა, განახლებადი ენერგიის წყარო ![]() |
ახალაძე ზეინაბი ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო შალამბერიძე მანანა ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო სასურსათო უსაფრთხოება კოვიდპანდემიის პირობებში (ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: კორონავირუსის გავრცელებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უდიდესი პრობლემებისა, კორონავირუსმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკასაც. დაავადების სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები იძულებულნი იყვნენ დაეწესებინათ მკაცრი ანტიპანდემიური შეზღუდვები, რამაც თავის მხრივ, ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. მკვეთრად შემცირდა შინამეურნეობათა მოხმარება, განსაკუთრებით დაზიანდა მომსახურების სექტორი, დიდი დარტყმა მიადგა შრომის ბაზარს და საერთაშორისო ვაჭრობას. მიმდინარე კრიზისმა და მსოფლიოს მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ქართულ სურსათის მიწოდების ჯაჭვებსა და ბაზრებზეც იმოქმედა. უმთავრესი, რაც კოვიდპანდემიის დროს გამოვლინდა და ფაქტიურად დადასტურდა, არის საქართველოს დამოკიდებულების მაღალი ხარისხი იმპორტზე. კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის რაც კარგა ხანია თვალშისაცემია. კერძოდ ის, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: სახელმწიფო არ ქმნის სასურსათო პროდუქტების მინიმალურ მარაგებს; მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, სურსათის შიდა წარმოება დაბალია. კვლევის მიზანია განვიხილოთ საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობა კოვიდპანდემიის პირობებში და მისი შეფასების მიზნით გავაანალიზოთ ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები, ასევე, მისი შემადგენელი კომპონენტები: ადგილობრივი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი დინამიკაში. კვლევის მეთოდოლოგია: კვლევის პროცესში გამოყენებულია ზოგადი და კონკრეტული მეთოდები. მათ შორის, ინდუქციის და დედუქციის, ანალიზის და სინთეზის, შედარების. კვლევაში ასევე, გამოყენებულია შემდეგი სტატისტიკური მეთოდები: დაკვირვების, თავმოყრის, დაჯგუფების, შერჩევითი, საშუალო და სხვა. ნაშრომში ასახულია სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე არსებული ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და სხვ. შედეგები და გამოყენება: ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ მეტად არასახარბიელო შედეგები გვაქვს სასურსათო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის დინამიკის თვალსაზრისით. უმეტეს შემთხვევაში იმპორტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტს. გამონაკლისს მხოლოდ ყურძენი წარმოადგენს. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტების სიდიდეებს, მათი მნიშვნელობა ყოველი პროდუქტის შემთხვევაში, გარდა ყურძნისა, ნამდვილად არასაკმარისია. შედარებით მაღალია კვერცხის (96-97%), კარტოფილის (92-93%) და რძის პროდუქტების (81%) თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები. სიმინდის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 68-70%-ის ტოლია, ბოსტნეულის - 62-63%-ის, ხორცის - 47-49%-ის და ყველაზე ცუდი, შეიძლება ითქვას კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ხორბლის (15%) შემთხვევაში. დასკვნა: კვლევის შედეგები ნამდვილად არასახარბიელოა, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მნიშვნელობა პანდემიის მიმდინარეობისა და პოსტპანდემიურ პერიოდში, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაუარესდება. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ამ უკანასკნელთა ზრდას, არის ადგილობრივი აგრარული წარმოება. გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა, ადგილობრივი წარმოების ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდაზე. გამოწვევებს ხელისუფლებამ დახმარების სხვადასხვა პროგრამებითა და ღონისძიებებით უნდა უპასუხოს, აქცენტები კი შემდეგ ძირითად მიმართულებებზე გაკეთდეს: ჩაიდოს ინვესტიციები სურსათის მიწოდების ჯაჭვებში, რათა არ შეფერხდეს სურსათის მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ; წახალისდეს სურსათის სისტემებში ინოვაციების დანერგვა; დონორმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მოძებნონ გზები, სურსათის მიწოდების ინოვაციური და უსაფრთხო გზების წასახალისებლად, განსაკუთრებით ისეთების რაც ქმნის სამუშაო ადგილებს; გამოიყოს ინვესტიციები სურსათის წარმოების, შეგროვების, შენახვის, გადამუშავების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის ეტაპებზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად; წახალისდეს რეგიონებს შორის ვაჭრობა, რათა შემცირდეს რისკები; გამყარდეს სურსათის ბაზრების მდგრადობა. როგორც წესი, ბაზარზე წვდომა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების ტრანსპორტირების ხარჯები ყველაზე ხელსაყრელი არის იმ ქვეყნებთან, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოსაა; მაქსიმალურად უნდა მოხდეს ბუნებრივი უპირატესობის გამოყენება შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც გაზრდის სავაჭრო ინტეგრაციის დონეს; გაძლიერდეს სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგისა და ანალიზის ინსტრუმენტები და ა.შ. საკვანძო სიტყვები: კორონავირუსი, სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტები, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ![]() |
ახალაძე ფრიდონი ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ზივზივაძე ლალი ასოცირებული პროფესორი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ლობჟანიძე გიორგი სპეციალისტი, მზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯია“ გუმათის ჰიდროელექტროსადგური, ქუთაისი, საქართველო მიკრო ჰიდროელექტროსადგურის ჰიდრო და ელექტრო მახასიათებლები (ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება) აბსტარაქტი
შესავალი და მიზანი: ენერგეტიკა თავის თავში წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რომელიც ძირითად და განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებაში. ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებისას ნაგებობათა შემადგენლობა და განლაგება დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, მდინარის თვისებებზე, ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ პირობებზე, აგრეთვე ეკონომიკაზე. ჰიდრავლიკური ძრავების განვითარება ისტორიულად წყლის ბორბლით იწყება. წყლის ბორბლების სახესხვაობათა სიმრავლე მათივე გამოყენების პერიოდმა განაპირობა. უმარტივეს საოჯახო ჰესებში – მიკროჰესებში ძირითადად გამოიყენება წყლის ბორბლები. სტატიაში აღწერილია 2 10 კვტ-იან მიკრო ელექტროსადგურის მახასიათებლების კვლევა, რომელიც მუშაობს სამფაზა ასინქრონულ ძრავთან ერთად. ასევე განხილულია პონსელეს წყლის ბორბალით საოჯახო მიკროჰესის გაანგარიშება, მოცემულია პონსელეს წყლის ბორბლის ფრთის ფორმის აგება, ელექტრო ქსელის აგზნებისა და განაწილების ბლოკსქემის გაანგარიშება. კვლევის მეთოდოლოგია: გამოყენებული იქნა ანალიზის მეთოდი. გაანგარიშების მეთოდი. კვლევა ჩატარდა ელექტროენერგეტიკული სისტემების ლაბორატორიაში (ერთმანქანიან ელექტრული სისტემის მოდელზე). შედეგები და გამოყენება: მიკროჰესის დიდი უპირატესობა ისაა, რომ მას არ სჭირდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კოპლექსი, ამდენად იგი გაცილებით იაფია და სწრაფად შეიძლება შევიდეს ექსპლოატაციასი. აგრეთვე აღნისვნის ღირსია მისი უპირატესობა ეკონომიკური თვალსაზრისი1თაც. ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა სხვადასხვა დაწნევებზე თუ რომელი ხარჯია ყველაზე ხელსაყრელი ტურბინის მ.ქ.კ-ს მაქსიმალური მნიშვნელობის მისაღებად. რეაქტიული ტურბინის მთავარი უნივერსალური მახასიათებლის გამოყენებით სხვადასხვა დაწნევებისა და ხარჯების დროს მიღებულია სხვადასხვა ბრუნთა რიცხვები, (შესაბამისად მათი დაყვანილი ბრუნთა რიცხვები), რის საფუძველზეც აგებულია ნატურის ტურბინის მუშა მახასიათებლები. დასკვნა: არჩეული დაწნევისა და ხარჯების დროს გავიანგარიშეთ ნატურის ტურბინის სწრაფმავლობის კოეფიციენტები, რაც ტურბინის სისტემისა და ტიპის ერთერთი დამახასიათებელი პარამეტრია. ბერნულის განტოლების გამოყენებით საშუალება გვეძლევა ჩვენს მიერ არჩეული დაწნევებსა და ხარჯებზე შევირჩიოთ მილსადენის ისეთი დიამეტრები, რომლის დროსაც გვექნება მინიმალური დაწნევის დანაკარგები, რაც საშუალებას გგვაძლევს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ტურბინის სტატიკური დაწნევა. საკვანძო სიტყვები: ჰიდრავლიკური ძრავი, პონსელეს წყლის ბორბალი, მიკროჰესი, ტურბინა ![]() |